"ნაციონალური მოძრაობის" წევრი და პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თანაშემწე, ლაშა ცანავა, პროკურატურაში 15 წლის წინანდელ საქმეზე დაიბარეს. საქმე ეხება 2009 წელს პოლიციის სამმართველოსთან მომხდარ ინციდენტს. ყოფილი პოლიციელი ერთხელ უკვე იმყოფებოდა გამოკითხვაზე 2015 წელს, როცა საქმის გამოძიება დაიწყო. რაში დასჭირდა ხელისუფლებას ამ საქმის გაცოცხლება და რა კითხვები აქვს გამოძიებას ხაბეიშვილის თანაშემწესთან, ეს ჯერჯერობით უცნობია. ცანავა პროკურატურაში სულ ცოტა ხნის წინ შევიდა. ის არ გამორიცხავს, რომ უწყებამ დღესვე დააკავოს.
"დღეს დამირეკა გამომძიებელმა და პროკურორმა, ორივემ და დამიბარეს დაკითხვაზე. ბრალი უნდა გაგაცნოთო. ყველაზე დიდი მთავარი ოპოზიციური ძალის თავმჯდომარის თანაშემწე ვარ პარლამენტში. ეს ერთი. და იმის მაგივრად, რომ ილაპარაკონ ქვეყანაში პრობლემებზე, რასაც ჩვენ ვებრძვით, რომ ქვეყანაში არ იყოს პრობლემები, არ გაგვარუსონ და რუსული არ გახადონ ჩვენი ქვეყანა, ამის მაგივრად მიბარებენ რაღაც სისულელეზე, არ ვიცი, რაზე მიბარებენ. მე კი არა, საქართველოს პრეზიდენტი ჰყავთ დაჭერილი, მიხეილ სააკაშვილი ჰყავთ დაკავებული, რომელმაც ააშენა ეს ქვეყანა", - თქვა ცანავამ პროკურატურაში შესვლამდე.