
ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, შენიშვნას მისცენ მათ, ვინც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პირბადის გარეშე ავა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მოსახლეობამ თვითშეგნება უნდა გამოიჩინოს და რეკომენდაციები შეასრულოს
როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბრძანდებით და ვიღაცას ნიღაბი არ უკეთია ან სწორად არ უკეთია, კეთილი ვინებოთ და შენიშვნა მივცეთ. ეს არაა შენიშვნა, რეკომენდაციაა.
ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ვიღაცამ უნდა გვაკონტროლოს. გვგონია, რომ ვიღაც შოლტით უნდა დაგადგეს. გინდა თუ არა, ამას რატომ არ ასრულებ. თვითშეგნება უნდა იყოს - ამბობს გამყრელიძე.
მისივე თქმით, ბათუმში, გამართული ქორწილის შემდეგ, გურიაში კორონავირუსის 8 შემთხვევა დადასტურდა და შესაძლოა ეს რიცხვი კიდევ გაიზარდოს:
არავის ეხალისება, რომ ქორწილი აკრძალო, მაგრამ პანდემიის პერიოდში ყველამ უნდა შევიგნოთ, რომ ერთი წელი მოვითმინოთ. აგვისტოს ბოლოს ბათუმში უზარმაზარი ქორწილიდან გურიაში 8 შემთხვევა გვაქვს, კიდევ რამდენი იქნება, არ ვიცი. გართობა გვიყვარს ქართველებს, მაგრამ ცოტა ხანი მოვითმინოთ. იმ შემთხვევებს, რაც ახლა გვაქვს, ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს“ - ამბობს გამყრელიძე.
დღეს დადასტურებული 44 ახალი შემთხვევიდან აჭარას 25 ინფიცირებული უკავშირდება. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე აჭარის ჩაკეტვის საჭიროებას საკოორდინაციო საბჭო ვერ ხედავს.
აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა სამშობიარო სახლის ექიმს, ასევე სანაპირო დაცვის 2 თანამშრომელს და ჰიპერმარკეტ "ნოვას" თანამშრომელს