
უკრაინაში, რუსეთის თავდასხმის შედეგად, კიევის მახლობლად მდებარე ელექტროსადგური მთლიანად განადგურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ენერგოკომპანია Centrenergo ავრცელებს.
"განადგურების მასშტაბები საშინელია", - განაცხადა Centrenergo-ს თავმჯდომარემ ანდრეი ჰოტამ და აღნიშნა, რომ ხუთშაბათ დილას, დარტყმებმა გაანადგურა "ტრანსფორმატორი, ტურბინები, გენერატორები. მათ გაანადგურეს 100%".
Centrenergo-ს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქარხანა მრავალი რაკეტის სამიზნე იყო. მისი თქმით, ცვლაში მყოფმა თანამშრომლებმა, პირველი რაკეტის დარტყმისთანავე შეძლეს გაქცევა. მოსახლეობას კი მოუწოდა, რომ დაკეტონ ფანჯრები, დატენონ ყველა ელექტრონული მოწყობილობა და მოიმარაგონ წყალი.
ჰოტას თქმით, ქარხანა შეიძლება აღდგეს ევროპის სათადარიგო ნაწილების დახმარებით, მაგრამ ის დარჩება თავდასხმებისგან დაუცველი, უკრაინის მოკავშირეების გარეშე - "ჩვენ შეგვიძლია გამოვასწოროთ. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ შეუძლებელი. მაგრამ ჩვენ გვჭირდება დაცვა."
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა განახორციელეს "მასიური დარტყმები" ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის ობიექტებზე, რამაც "შეაფერხა უკრაინის სამხედრო ინდუსტრიის საწარმოების მუშაობა".
ტრიპილიას ელექტროსადგური იყო უკრაინის ელექტროენერგიისა და სითბოს ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი სამ ცენტრალურ ჟიტომირის, ჩერკასისა და კიევის რეგიონებში.