ქვეყნის გამხლეჩი და ჩვენი მომავლის დამაზიანებელი კანონის წარმომავლობის გარდა, რუსული აღმოჩნდა ის მეთოდებიც, რომლითაც "ქართული ოცნება" საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას ცდილობს. ძალიან ბევრმა სპორტსმენმა, ხელოვანმა, მსახიობმა, მხატვარმა, მწერალმა თუ რიგითმა მოქალაქემ, საჯაროდ, ღიად და სამართლიანად გააკრიტიკა რუსული კანონი და მოუწოდა ხელისუფლებას, უარი თქვას მავნებლურ განზრახვაზე. ამ სწორი და დროული მოქალაქეობრივი პოზიციისთვის, ცხადია, თითეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის.
აშკარა გახდა ის, რომ ერთ მხარეს დგას საზოგადოება და მისი ინტერესი, ააშენოს ღირსეული და ევროპული სახელმწიფო, და მეორე მხარეს დგას დიქტატურისკენ მიმავალი რეჟიმი, რომელიც მტრებად აცხადებს მეგობრებს, ხოლო რუსეთის აგენტობაში მხილებულ ოთარ ფარცხალაძეს ხელს აფარებს და ყველაფერს კადრულობს მისი გაურკვეველი წარმოშობის მილიონების გადასარჩენად. ხელისუფლების პროპაგანდისტულმა მანქანამ ამგვარი აბსურდის ტირაჟირება დაიწყო - გავმიჯნოთ ერთმანეთისგან პოლიტიკა და სპორტი, ან პოლიტიკა და კულტურაო.
ავტორი: ზურა პეტროსიანი