არა რუსულ კანონს, არა რუსულ ადმინისტრაციას საქართველოში | უკრაინაში მებრძოლი ქართველები

გამოქვეყნდა:

ქართველი მებრძოლები რუსული კანონის წინააღმდეგ - უკრიანში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცები რეპრესიული კანონის მიღებას ეხმაურებიან, საპროტესტო აქციის მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებენ და ამბობენ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.

"ყველა იმ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იცავს საქართველოს გარუსებისგან, ახლა საქართველოში, მეამაყებით ყველა და ყველა მეომრისთვის აქ უკრაინაში, რომელიც ებრძვის რუსულ აგრესიას, თქვენ ხართ დამატებითი სტიმული, დამატებითი მოტივაცია. ვერ წარმოიდგენთ როგორი ემოციებია ჩვენთვის, როცა ვხედავთ რომ ერი არის ერთ მუშტად შეკრული და საერთო მტერს ერთ მუშტს გასცემს. ძალა ერთობაშია. არა რუსულ კანონს, არა რუსულ ადმინისტრაციას საქართველოში, გაუმარჯოს საქართველოს, კი ევროპას", - ამბობს, მიხეილ ბატურინი. 

კიდევ ერთი მებრძოლი, ზაალ ლატარია ყველას, ვინც რუსულ კანონს აპროტესტებს, მადლობას უხდის:

"იმ ახალგაზრდას, იმ პოლიტიკოსს, იმ სპორტსმენს, მწერალს და ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, ძალიან ამაყი ვარ თქვენით და თქვენ გვერდით ვარ. მეორე, მინდა მივმართო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს, სადაც ჩემი ბევრი ნაცნობი მსახურობს და თანამებრძოლი მსახურობს, ბიჭებო, გადმოდის ხალხის მხარეს, ხალხს ნუ სცემთ, ხალხს ნუ უზღუდავთ ევროპულ მომავალს".

მებრძოლი ვანო ნადირაძე პოლიციას მოუწოდებს, "მოერიდონ ჩვენი შვილების ცემას, ჩვენი შვილების დასახიჩრებას და ამ ძალადობას რასაც დღეს სჩადიან რუსული მთავრობის სახელით".

ცნობისთვის, გუშინ, 17 აპრილს, სართაშორისო პარტნიორების მხრიდან გაფრთხილებებისა და საზოგადიების პროტესტის ფონზე, "ოცნებამ" პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს - 83 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი.

გუშინ ევროკავშირის ელჩმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეს კანონი ხელს არ შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას.  ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს - ეს კანონი ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მთავრობას, მოუსმინონ გაფრთხილებებს კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით. 

რა ხდება:

3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პირობა ისევ გადათქვა და "რუსულ კანონის" ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი " უცხოური გავლენის აგენტი" იქნება, დანარჩენი კი სრულიად უცვლელი რჩება.

ცნობისთვის, "ოცნებამ" 2023 წლის მარტში ვერ შეძლო "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ "ოცნების" ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.

პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა რუსული კანონი უკან გაეწვია და მეორე მოსმენაზე ჩაეგდო. მაშინ "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა - "ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიცირება აღარ შედის", თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ, იგივე ხდება.

🇬🇪 🇪🇺 მთავარი არხის საგანგებო ეთერი რუსთაველის გამზირიდან | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი