ზუგდიდში "ლელოს" წევრებს ამომრჩეველთან შეხვედრისას საჯარო მოხელეები დაუპირისპირდნენ. ბიბლიოთეკისა და კეთილმოწყობის სამსახურის 10-მდე თანამშრომელმა მამუკა ხაზარაძე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, მერაბ კოსტავას შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. პარტიის ინფორმაციით, დაპირისპირება ზუგდიდის მერის, გეგა შენგელიას ორგანიზებული იყო.
სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, თუმცა ვითარება სამართალდამცველებმა მალევე განმუხტეს. ხაზარაძის თქმით, შემთხვევა წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.
რუსმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა, მიუხედავად პანდემიისა, მოგვიგზავნა ააიპ-ის თანამშრომლები და შეეცადნენ იმ ცრუ ბრალდებებით პროვოკაციის მოწყობას, რომლებიც წლების განმავლობაში ისმის ჩემ მიმართ. ბუნებრივია, მათ მე ძალიან წყნარად ავუხსენი ეს ყველაფერი, თუმცა მერე ისინი გადავიდნენ კონფლიქტზე, - ამბობს ხაზარაძე.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა "ლელოს" წევრებს წინასაარჩევნოდ დაუპირისპირდნენ. 4 სექტემბერს, პარტიის დიდუბე-ჩუღურეთის ზონის უფროსს, გიორგი გლუნჩაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდამსხმელი მოგვიანებით ძალადობის ბრალდებით დააკავეს.