"თუ საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, რომ რუსეთს დაუჭიროს მხარი, ამას, რა თქმა უნდა, სანქციები მოჰყვება," - ამის შესახებ "მთავარ არხთან" ინტერვიუში გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი და ევროკავშირის კომიტეტის წევრმა, თომას ჰაკერმა განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოზე რუსეთის გავლენა იზრდება.
ჰაკერმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, "ოფშორების კანონსა" და რუსულ კანონზეც.
"მიმაჩნია, რომ რუსეთის გავლენა საქართველოზე იზრდება. "ქართული ოცნება" ჯერ კიდევ ამბობს, რომ სურს ქვეყანა ევროპისკენ წაიყვანოს, მაგრამ თუ ის ასეთ ქმედებებს მიმართავს, როგორიცაა, მათ შორის, ოფშორების შესახებ კანონი, რომელიც ოლიგარქის ქონების შემოტანას გულისხმობს ყველანაირი გადასახადების გარეშე, მაშინ ეს ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" ძალიან ახლო ურთიერთობაშია რუსეთის ხელისუფლებასთან. თუ ვინმე მოიხვეჭს სიმდიდრეს საზოგადოებაში ცვლილებების შედეგად და რუს ოლიგარქებთან ახლო კონტაქტებით, ახლა კი ამბობს, რომ ამ ხალხთან არაფერი აკავშირებს. ეს დამაჯერებლად ნამდვილად არ ჟღერს. ამიტომ, ჩვენ უნდა შევხედოთ მთავრობის ქმედებებს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, ვისი გავლენის ქვეშ მიიღება მსგავსი კანონები, რომლებიც ავიწროებს უმცირესობებს, ხელ უშლის საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირშ და ოლიგარქის ფული შემოაქვს საქართველოში. ეს გადამწყვეტი მომენტია. საქართველოს არჩევნები აქვს წელს. ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე კი ქვეყანა დახმარებას იღებს ევროპული საბჭოსგან. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. ეს ქვეყანა ყოველთვის იყო ევროპული. ხალხი ევროპელია და ჩვენ გვინდა, რომ დავეხმაროთ, მაგრამ საქართველოს მთავრობა საპირისპირო გზით მიდის. სანქციებს რაც შეეხება, ჩვენ უნდა შევხედოთ მიიღებენ თუ არა საბოლოოდ ამ კანონს. ჩვენ ვიცით, რომ ქალბატონი პრეზიდენტი ეწინააღმდეგება მას და აპირებს, რომ ვეტო დაადოს. ასე რომ, ეს პროცედურა კიდევ გარკვეულ დროს გასტანს. ჩვენ კარგად უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას. ახლა უკრაინა ჩვენი საერთო ფასეულობებისათვის და თავისუფლებისთვის იბრძვის. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ გვერდით დავუდგეთ უკრაინას და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებს. თუმცა, თუ საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, რომ რუსეთს დაუჭიროს მხარი, ამას სანქციები, რა თქმა უნდა, მოჰყვება," - ამბობს ჰაკერი.
ასევე ნახეთ: