საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "გავრილოვის ღამეს" სამართალდამცველები კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ.
მდინარაძის შეფასებით, 2019 წლის 20 ივნისის ღამეს მომხდარ დარბევაში გიორგი გახარიას დადანაშაულება უსაფუძვლოა, რადგან პოლიციამ კანონიერად მოიგერია პარლამენტში შეჭრის მცდელობა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში იმ ე.წ. "გავრილოვის ღამეზე", რომლითაც დღენიადაგ თქვენ აპელირებთ, კონკრეტული ჩანაწერი ხაზგასმით ჩაიწერა, რომ იყო პარლამენტში შეჭრის მცდელობა და პოლიციამ ეს მცდელობა მოიგერია კანონიერი გზით. წერტილი. ამის იქით კითხვის ნიშნები არ არსებობს, - თქვა მდინარაძემ
2019 წლის 20 ივნისის ღამეს, მოქალაქეებს, ვინც ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა გააპროტესტა, სამართალდამცველები სასტიკად გაუსწორდნენ.
"გავრილოვის ღამის" სისხლიანი დარბევის დროს გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა, შემდეგ კი პრემიერმინისტრად დაწინაურდა. გახარია "ქართულმა ოცნებამ" გუშინ კვლავ პრემიერობის კანდიდატად წარადგინა.