არასამთავრობო ორგანიზაცია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 2020 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატების – სამეწარმეო საქმიანობები  და პოლიტიკურ შემოწირულებები შეისწავლა.

კვლევის მიხედვით, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების ნახევარზე მეტი,  30-დან 19 – ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში (17 – თავად და მისი რომელიმე ოჯახის წევრი, ხოლო 2-ის მხოლოდ ოჯახის წევრი). ეს 19 კანდიდატი, მთლიანობაში, სხვადასხვა ფორმით, დაკავშირებულია 186 კომპანიასთან

მსხვილი პოლიტიკური შემომწირველები არიან სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული მაჟორიტარობის კანდიდატთა ბიზნესპარტნიორებიც. მთლიანობაში, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ბიზნესპარტნიორებმა 2012-2020 წლებში ქართულ ოცნებას 3 702 826 ლარი შესწირეს, - წერია კვლევაში.

6 კანდიდატს - დავით სონღულაშვილს; ბექა ოდიშარიას; ზაალ დუგლაძეს; გოჩა ენუქიძეს; ზაზა ლომინაძეს; ირაკლი ხახუბიას მონაწილეობა მიღებული აქვთ სახელმწიფო  ქონების პრივატიზაციაში. 2013-2020 წლებში მათ ან მათმა კომპანიებმა 758 300 ლარად შეისყიდეს სახელმწიფო უძრავი ქონება, 2 210 000 კი – სახელმწიფო საწარმოების წილები.

მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან 6 არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულება. ესენი არიან: სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, დავით სერგეენკო, შალვა კერესელიძე, ზაურ დარგალი და ნინო ლაცაბიძე.

30 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიდან 17 მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირია, რომლებსაც 2019-20 წლებში ქონებრივი დეკლარაცია აქვთ შევსებული. მათ მიერ შევსებულ ბოლო დეკლარაციებში შემდეგი დარღვევები გამოვლინდა.

  • მაჟორიტარი დეპუტატობის 5 კანდიდატს არასრულად ან საერთოდ არ აქვს დეკლარირებული, მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული კომპანიები;
  • 6 შემთხვევაში თანამდებობის პირს კერძო კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია. ესენი არიან: ლევან კობიაშვილი, დავით სონღულაშვილი, სამველ მანუკიანი, ირაკლი ხახუბია, გოჩა ენუქიძე და ირაკლი ქადაგიშვილი.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო  მოკლებულია  შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია საგადასახადო საიდუმლოებას წარმოადგენს.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი