
საქართველოს მესამე პრეზიდენტი და პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ვერ შეძლებს, არჩევნებს ხელი კორონავირუსით შეუშალოს. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი დებატები" ისაუბრა, რომელიც დღეიდან ყოველ შაბათს გავა.
სააკაშვილმა საკარანტინე სივრცეებთან არსებულ დარღვევებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. ამბობს, რომ აჭარაში ეპიდსიტუაცია რუსეთიდან ხალხის ნეპოტიზმით შემოშვებამ გააუარესა.
ეს სამედიცინო სისტემა, რომელიც ჩვენი გუნდის შექმნილია, ამ სამედიცინო სისტემამ მაქსიმალურად გაუძლო, მაგრამ მოხდა ეკონომიკის განადგურება. როგორ შეიძლებოდა რუსეთიდან შემოშვება, რატომ გავრცელდა ბათუმში, იმიტომ რომ ნაცნობობით, ნეპოტიზმით მოხდა რუსეთიდან შემოყვანა ხალხის. დედაჩემი, რომელიც უკრაინიდან ჩამოვიდა 2 კვირა ჩაკეტილი ჰყავდათ პატარა ოთახში . ტურისტულ ინდუსტრიაში რაც მოხდა ეკონომიკის განადგურების რეცეპტია, პანიკის შექმნა, სწავლის გადადება, კარანტინის გამოცხადება და ა.შ ეს მეთოდები არ იმუშავებს, ქართველი ხალხი დაირაზმება, - ამბობს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურმა მოძრაობამ" და გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია" პრემიერმინისტრობის კანდიდატად 7 სექტემბერს დაასახელა. 8 სექტემბერს კი ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერობის კანდიდატმა 9-პუნქტიანი გეგმა წარადგინა. 9-პუნქტიან გეგმაში რომელთა განხორციელებასაც ის გაპრემიერების შემთხვევაში გეგმავს, საუბარია სუსის გაუქმებაზე, პროკურატურის გაყოფასა და სხვა სისტემურ რეფორმებზე.
ცნობისთვის, გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი 158 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი. მარინა ეზუგბაიას თქმით, 158 ახალი შემთხვევიდან 87 არის აჭარა, 28 სამეგრელო, 19 იმერეთი, 6 გურია, 18 თბილისი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კი კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა.