საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში არეულობა მხოლოდ საქართველოს მტრებს აწყობთ. ამის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი დებატები" ისაუბრა, რომელიც დღეიდან ყოველ შაბათს გავა
არ უნდა მივცეთ არავის საბაბი არეულობის, არეულობა აწყობთ საქართველოს მტრებს და საქართველოს გაღატაკების მთავარ წყაროს. არ უნდა მივცეთ არც გარე ძალებს ამის საშუალება. ქართველი ხალხი იმარჯვებს. ამიტომ არანაირი არეულობა საჭირო არ არის, 2012 წელს ჩვენ მშვიდობიანად გადავაბარეთ ხელისუფლება, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ის რეგიონული მასშტაბის ლიდერია და უკრაინა მისი მეორე სახლია, თუმცა მზად არის საქართველოში ჩამოვიდეს და გამოცდილება საქართველოს მოახმაროს.
მესმის რომ ვიღაცეებს აქვთ პანიკა, პირადი თანამდებობების დაკარგვის, არ უნდა მოვდუდნეთ, უნდა ველაპარაკოთ ხალხს, მოვემზადოთ არჩევნებისთვის და მოვემზადოთ გამარჯვებისთვის, ეს გამარჯვება იქნება დასაწყისი ბევრი სხვა გამარჯვებისთვის, დრო არის ასანაზღაურებელი, დრო რომელიც დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ, - ამბობს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურმა მოძრაობამ" და გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია" პრემიერმინისტრობის კანდიდატად 7 სექტემბერს დაასახელა. 8 სექტემბერს კი ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერობის კანდიდატმა 9-პუნქტიანი გეგმა წარადგინა. 9-პუნქტიან გეგმაში რომელთა განხორციელებასაც ის გაპრემიერების შემთხვევაში გეგმავს, საუბარია სუს-ის გაუქმებაზე, პროკურატურის გაყოფასა და სხვა სისტემურ რეფორმებზე.
მიხეილ სააკაშვილი 7 მაისიდან უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.