ვენეციის კომისია ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩევს, რომ რუსული კანონი გააუქმოს | დასკვნა

გამოქვეყნდა:

ვენეციის კომისია ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩევს, რომ რუსული კანონი გააუქმოს - ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი. 

დოკუმენტში წერია, რომ კანონის "ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს" სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებების, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით. "საბოლოო ჯამში, ეს გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე", - აღნიშნულია დასკვნაში.

96. ვენეციის კომისიამ გააანალიზა კანონის შესაბამისობა მოქმედ საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან, მსგავს საკითხზე მის მრავალ წინა მოსაზრებებში შემუშავებულ პრინციპებზე დაყრდნობით. იგი ასკვნის, რომ კანონით დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8(2), მე-10(2) და მე-11(2) პუნქტებში დადგენილ მკაცრ ნორმებთან, ასევე სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის მე-17(2), მე-19(2) და 22(2)-ე მუხლებთან, რადგან ეს შეზღუდვები არ აკმაყოფილებს კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ეს შეზღუდვები ასევე ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს.

[...]

99. ვენეციის კომისია დაჟინებით ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას რეგისტრაციის, მოხსენებისა და საჯარო გამჟღავნების სპეციალურ რეჟიმზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, ონლაინ მედიისთვის და უცხოური მხარდაჭერის მქონე მაუწყებლებისთვის, მათ შორის ადმინისტრაციულ სანქციებზე. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა უკვე შეიცავს დებულებებს, რომლებიც ორგანიზაციებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ სახელმწიფოს ანგარიში დაფინანსების წყაროების შესახებ, კანონპროექტში არ არის მოცემული დამაჯერებელი განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ იქნება არასაკმარისი არსებული ვალდებულებები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. 

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ არსებული დებულებები არასაკმარისია, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს არსებული კანონების ცვლილება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად. კერძოდ, უცხო ქვეყნების სახელით რეალური წარმომადგენლობითი (ლობირების) საქმიანობა შეიძლება დარეგულირდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად, თუ არსებული კანონმდებლობა არ იქნება ადეკვატური.

100. დასასრულს, ვენეციის კომისია დაჟინებით ურჩევს (საქართველოს პარლამენტს) კანონის ამჟამინდელი ფორმით გაუქმებას, რადგან მისი ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებზე, კონფიდენციალურობის უფლებებზე, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებებზე და ასევე დისკრიმინაციის აკრძალვაზე. საბოლოო ჯამში, ეს გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე, - აღნიშნულია დასკვნაში.

ცნობისთვის, ვენეციის კომისიას რუსულ კანონზე მოსაზრების მომზადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა სთხოვა

"ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა, ადამიანის უფლებებზე შესაძლო ზეგავლენის გათვალისწინებით, ასევე გადაწყვიტა, ვენეციის კომისიის მოსაზრებები მოეთხოვა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტის და საქართველოს საარჩევნო კოდექსში გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ ბოლოდროინდელი ცვლილებების თაობაზე. საპარლამენტო ასამბლეა ევროპის საბჭოს ორგანოა, რომელიც აერთიანებს ევროპის საბჭოს 46 ქვეყნის ეროვნული პარლამენტების წევრებს." - ნათქვამი იყო მაშინ ინფორმაციაში.

ასევე, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ "კანონპროექტის მიღება, ვენეციის კომისიის დასკვნის დალოდების გარეშე, არ ასახავს კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას".

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი