ესპანეთის პოლიციამ იპოვა და აღადგინა 5,4 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატი, რომელიც გარდაცვლილ, იტალიელი წარმოშობის ბრიტანელ მხატვარს, ფრენსის ბეკონს ეკუთვნის. ცნობილია, რომ ის ერთ-ერთია 2015 წელს მადრიდის სახლიდან მოპარულ ხუთ ნახატს შორის.
აღმოჩენილი რიგით მეოთხე ტილო ხოსე კაპელოს პორტრეტია და 1989 წლითაა დათარიღებული. თებერვალში პოლიციამ დააკავა ორი ადამიანი, რომლებიც ბრალდებულები იყვნენ მოპარული ნამუშევრების მიღებაში, ნახატს კი საბოლოოდ მადრიდში მიაგნეს.
როგორც ცნობილია, სამი ნახატი 2017 წელს აღმოაჩინეს, ხოლო მეოთხეს აღმოჩენის შემდეგ პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი აგრძელებენ გამოძიებას აღმოსავლეთ ევროპის ორგანიზებულ ჯგუფებთან, იმ იმედით, რომ ეს მათ მოპარულ მეხუთე ნახატამდე მიიყვანთ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ნახატები ბეკონის მეგობრისა და ყოფილი საყვარლის, ხოსე კაპელოს ბინიდან მოიპარეს, თუმცა პოლიცია ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.
დუბლინში დაბადებული ბეკონი 1992 წელს, მადრიდში გარდაიცვალა, იგი იყო მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვარი, რომელიც ცნობილია ადამიანის სხეულის შემაშფოთებელი ხედვით. გარდაცვალების შემდეგ მისი რეპუტაცია სტაბილურად იზრდებოდა, ისევე როგორც მისი ნამუშევრების შეფასება ხელოვნების ბაზარზე.