ლიეტუვის, ესტონეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ემხრობიან NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მოწოდებას, მოეხსნას უკრაინას შეზღუდვები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებაზე.
პრაღაში მიმდინარე NATO-ს კონფერენციაზე მათ განაცხადეს, რომ უკრაინას უფლება აქვს თავი დაიცვას და ამაში შედის ლეგიტიმურ სამიზნეებზე დარტყმები მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე.
"ესტონეთი პირველივე დღიდან იკავებდა პოზიციას, რომ უკრაინას აქვს ყველანაირი ლეგიტიმური უფლება გამოიყენოს იარაღი საკუთარი თავის დასაცავად და ასევე, ეს გააკეთოს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმით, თუ საჭიროა სამხედრო ან სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განადგურება. საბედნიეროდ, უფრო და უფრო მეტი ქვეყანა მიჰყვება ამ პრინციპს და მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ აშშ, გერმანია და ყველა დანარჩენი უკაინას ამ შეზღუდვას მოუხსნის," - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟემ აღნიშნა:
"ჩვენ გვქონდა საფუძვლიანი სამართლებრივი პოლიტიკური ანალიზი და მივედით დასკვნამდე, რომ თავდაცვის უფლება, რომელიც უკრაინას გაეროს ქარტიით აქვს გარანტირებული, მოიცავს უფლებას, რომ დაარტყას რუსეთის ძალებს არამხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე, არამედ ასევე ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის ტერიტორიაზე. ასე რომ, ლეგიტიმური სამხედრო ობიექტები არის საკვანძო ფრაზა, რაც ნიშნავს ობიექტებს, რომლებსაც რუსეთი თავდასხმისთვის იყენებს."
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი კი ამბობს, რომ მათ მსგავსი შეზღუდვები დაწესებული არც ჰქონიათ:
"რამდენადაც მე ვიცი, პოლონეთს უკრაინისთვის მსგავსი შეზღუდვები არ დაუწესებია. ჩვენ ვუსურვებთ უკრაინას გამარჯვებასა და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას. ომის წესები არეგულირებს ყველაფერს. უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და ეს მოიცავს ასევე რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებას."