უკრაინამ და ნორვეგიამ უსაფრთხოების ორმხრივ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ნორვეგიის პრემიერმინისტრმა იონას გაჰრ შტორმა სტოკჰოლმში ხელი მოაწერეს დოკუმენტს უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის სფეროში თანამშრომლობის შესახებ - ამის შესახებ ინფორმაცია ზელენსკის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

ხელშეკრულება უკრაინის მხარდაჭერასა და გაძლიერებას მოიაზრებს, შეთანხმებული მხარეები თავდაცვისა და სამრეწველო თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმუშავებენ. 

"მიმდინარე წელს ნორვეგია უკრაინას მინიმუმ 13,5 მილიარდი ნორვეგიული კრონის  (დაახლოებით 1,2 მილიარდი ევრო) სამხედრო დახმარებას გაუწევს. ზოგადად, ნორვეგიამ თითქმის 6,4 მილიარდი ევროს ინვესტიცია ჩადო ნანსენის გრძელვადიან პროგრამაში უკრაინის მხარდაჭერისთვის 2023-2027 წლებში. ნორვეგიის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ შეთანხმების მთელი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება,"- წერია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ნორვეგია, თავის მოკავშირეებთან ერთად დაეხმარება უკრაინას, განავითაროს თავისი შესაძლებლობები თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავების სფეროში, გარდა ამისა, ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს შავ და აზოვის ზღვებში საზღვაო შესაძლებლობების განვითარებაში, გააგრძელებს მათთვის აღჭურვილობის მიწოდებას და სპეციალისტების მომზადებას.

შეთანხმების არასამხედრო ბლოკები კი ეხება უკრაინის სამშვიდობო ფორმულის მხარდაჭერას, სანქციებს, რეპარაციებს, აგრესორის პასუხისგებაში მიცემას, ასევე დახმარებას ეკონომიკური გაძლიერების, ინფრასტრუქტურის დაცვისა და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნორვეგიის საავადმყოფოები გააგრძელებენ უკრაინელების დახმარებას.

ცნობისთვის, ნორვეგია მე-15 ქვეყანაა, რომელთანაც უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმება დაიდო. მანამდე უკრაინამ ხელი მოაწერა დოკუმენტებს დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, დანიათან, კანადასთან, იტალიასთან, ნიდერლანდებთან, ფინეთთან, ლატვიასთან, ესპანეთთან, ბელგიასთან, პორტუგალიასთან, შვედეთთან და ისლანდიასთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი