"საქართველო დგას გზაგასაყარზე - ქვეყანა ან გააგრძელებს ბრძოლას, რომ გახდეს ევროპის ნაწილი, ან გახდება რუსეთის გავლენის სფეროს ნაწილი", - ამის შესახებ კონგრესში, საქართველოს შესახებ მოსმენაზე, სადაც MEGOBARI აქტი განიხილება, ფონდ "ღია საზოგადოების" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ივანე ჩხიკვაძე საუბრობს.
"მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო დემოკრატიული უკუდახევის თვალსაზრისით, რაც საქართველოში ხდება რუსული სტილის კანონის მიღებით... ქვეყანა და ჩემი ხალხი ახლა დგას გზაგასაყარზე. საქართველო გააგრძელებს თავის ბრძოლას, რომ გახდეს ევროპის ნაწილი, ან გახდეს რუსეთის გავლენის სფეროს ნაწილი. ქართველი ხალხის არჩევანი ნათელია, ჩვენ გვჭირდება კანონის უზენაესობა, თავისუფლება. საქართველოს მომავალი არის ევროკავშირსა და ნატოში. კანონი სრულად წაშლის კრიტიკულ ხმებს და უკან დახევს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების გულუხვი მხარდამჭერით იყო შექმნილი. მაგალითად აშშ-ს განვითარების სააგენტოს მიერ...." - ამბობს ივანე ჩხიკვაძე.
ცნობისთვის, განხილვის ინიციატორი ჰელსინკის კომისიაა და მსჯელობა საქართველოში არსებულ ვითარებასა და რუსული კანონიდან მომდინარე საფრთხეებს შეეხება.
დღევანდელ მოსმენაში, ივანე ჩხიკვაძესთან ერთად, მონაწილეობენ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი და საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე.
შეგახსენებთ, რომ MEGOBARI აქტის ინიციატორი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრი,
რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.
იხილეთ ასევე: