რა წერია "MEGOBARI Act"-ში რომელსაც აშშ-ის კონკრესში კონგრესმენი ჯო უილსონი დღეს, 23 მაისს წარადგენს - დოკუმენტი საერთაშორისო გამოცემა Foxnews-მა მოიპოვა.
გამოცემა წერს, რომ კანონპროექტის მიხედვით, მისი ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უნდა დაადგინოს ის ძირითადი პირები, რომლებიც საქართველოს მთავრობაში იმყოფებიან, მის აგენტებად ან მისი სახელით მუშაობენ, ან მთავრობის ქმედებებზე ძლიერი გავლენის მოხდენა სხვა მეთოდებით შეუძლიათ და "დააკისროს მათ მატერიალური პასუხისმგებლობა საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების ან უსაფრთხოების შელახვის ან დაზიანებისათვის".
ასევე, მედიასაშუალების ცნობით, რუსულ კანონზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების გარდა, კანონპროექტი ასევე სთხოვს ხელისუფლებას, მოამზადოს ანგარიში საქართველოში უკრაინასთან დაკავშირებული სანქციების თავიდან აცილების შესახებ, ასევე, მომზადდეს ანგარიში ქვეყანაში რუსული დაზვერვის აქტივების შესახებ.
"ამ აქტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, ეროვნული დაზვერვის დირექტორი, სახელმწიფო მდივანთან, თავდაცვის მდივანთან და ცენტრალური დაზვერვის დირექტორთან კოორდინაციით, კონგრესს წარუდგენს მოხსენებას, რომელიც რუსული დასაზვერვო ელემენტებისა და მათი აქტივების საქართველოში შეღწევას განიხილავს, ასევე ჩინეთის გავლენასა და რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის პოტენციურ კვეთას საქართველოში", - ნათქვამია კანონპროექტის ტექსტში გამოცემის ცნობით.
აქვე, ჯო უილსონის MEGOBARI Act-სა და მის შინაარსზე წერს აღნიშნული სტატიის ქართველი ავტორი, ნანა საჯაია, რომელმაც დოკუმენტი თავად წაიკითხა:
დღეს ამერიკის კონგრესის ორივე პალატაში შედის 2 კანონპროექტი, კონგრესმენ ჯო უილსონის "მეგობარი" და სენატორების ჯინ შაჰინის და ჯეიმს რიშის "ქართველი ხალხის აქტი".
გამოქვეყებამდე რამდენიმე საათით უილსონის გუნდმა გამიზიარა "მეგობარი", სანქციების ნაწილში მთავარი რაც წერია არის:უილსონი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან ითხოვს გამოვლინდნენ:
- პირები, ვინც რაიმე ფორმით ეხმარებოდა რუსეთს შეერთებული შტატების მიერ დაწესებული, ასევე სხვა საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდებაში;
- რუსეთის დაზვერვის/უსაფრთხოების ელემენტები საქართველოში. ამ ნაწილში კანონ-პროექტი ცალკე აზუსტებს გამოვლინდეს რუსეთის და ჩინეთის თანამშრომლობის კვეთა საქართველოში.
- საქარველოს მთავრობის წევრები, მათთვის ან მათი სახელით მოქმედი და ძლიერი გავლენის მქონე ხალხი, ვისაც წვლილი მიუძღვის ქართული დემოკრატიის დაზიანებაში, ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებაში და ქვეყნის უსაფრთხოების შესუსტებაში.
- დაჩქარებული წესით იქნეს განხილული სამგზავრო შეზღუდვის დაწესება იმ პირებზე და მათ ოჯახის წევრებზე, ვინც: პირდაპირაა პასუხისმგებელი პარლამენტში რუსული სტილის კანონის ადვოკატირებისთვის და მისი მიღებისთვის;
- სანქციები დაუწესდეს სამთავრობო და პოლიტიკურ ლიდერებს, ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, სამართალდამცავებს და უშიშროების სამსახურების თანამშრომლებს, ვინც ამ [რუსული სტილის] კანონს შეუწყო ხელი და მონაწილეობდა კანონიერი პროტესტის ჩახშობაში.