გამოცემა The Insider-ის გამოძიების ცნობით, მოლდოვას გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, იგორ გორგანი, რამდენიმე წლის მანძილზე, რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ინფორმატორი იყო.
გამოძიების ცნობით, გორგანი Telegram-ში ГРУ-ში მის კურატორ, პოლკოვნიკ ალექსეი მაკაროვს რეგულარულად წერდა რესპუბლიკაში შიდა პოლიტიკური ვითარებისა და უკრაინის სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტების შესახებ, რომლებმაც მოლდოვაში სამხედრო ტექნიკა და ჭურვები შეიძინეს.
გამოცემა წერს, რომ "მოლდოვური კავშირი" გენერალურ შტაბში 2021 წლის ბოლომდე მუშაობდა, სანამ ახალმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ ის თანამდებობიდან გაათავისუფლა, თუმცა მოლდოვას თავდაცვის სამინისტროში თავისი კავშირების გამოყენებით გორგანი კვლავ ГРУ-ს ინფორმატორად რჩება. გორგანმა და ალექსეი მაკაროვმა განსაკუთრებით აქტიური კონტაქტი 2022 წლის აპრილში, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიწყეს. ისინი ძირითადად კიშინიოვის კაფეებში ან თევზაობისას ხვდებოდნენ ერთმანეთს.
Insider-ი მიმოწერის ამონარიდებს ავრცელებს, სადაც გენერალი გორგანი უკრაინაში გაგზავნილი სამხედრო იარაღების შესახებ წერს:
"უკრაინული Укроборонэкспорт-ი ცდილობს მოლდოვადან (ან „პარტნიორების“ დახმარებით) 6 Mig-29 შეიძინოს, რომლებიც მდებარეობს მარკულესტში... მათ სურთ ოპერაცია განახორციელონ ფრონტალური კომპანიის მეშვეობით არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან უახლოეს მომავალში...
[...]
მატარებელი საწვავით მიემართება მოლდოვის ტერიტორიიდან, კერძოდ სოფელ ეტულიიდან, უკრაინის დასახლება რენისკენ.
[...]
უკრაინელები უკვე 3 კვირაა დადიან ჩვენს თავდაცვის სამინისტროში და ითხოვენ ყველაფერს, განსაკუთრებით საარტილერიო ჭურვებს," - წერს გორგანი მაკაროვს.