დრონებით თავდასხმა იყო როსტოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, ბელგოროდის ოლქში - ნავთობსაცავზე

გამოქვეყნდა:

დრონებით შეტევა იყო როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ბელგოროდის ოლქში ნავთობსაცავზე.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა დაწერა, რომ უკრაინა დრონებით დაესხა თავს ნავთობსაცავს სტარი ოსკოლის ურბანული რაიონის ტერიტორიაზე, გაჩნდა ხანძარი. გუბერნატორის თქმით, მსხვერპლი არ ყოფილა.

წინა თავდასხმა ნავთობსაცავზე სტარი ოსკოლში, ბელგოროდის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 13 მაისს იყო. ამ ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობსაცავია, ამიტომ ჯერ უცნობია დარტყმა ერთი და იგივე სამიზნეზე იყო, თუ სხვადასხვაზე. 

რაც შეეხება როსტოვის ოლქს, გუბერნატორმა დაწერა, რომ დარტყმა ქარხანაზე ორჯერ მოხდა, პირველი თავდასხმის შემდეგ გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა განმეორებითი თავდასხმის გამო პროცესი შეჩერდა. 

გუბერნატორი აცხადებს, რომ ქარხანაში ხანძარი 50 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა, ადგილობრივი "ტელეგრამის არხებით" გავრცელებულ ვიდეოებში ხანძარი გაცილებით დიდი ჩანს, და ის სავარაუდოდ ქარხანაში რამდენიმე ადგილზე გაჩნდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი