ხელისუფლებამ უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნები და გაათავისუფლოს რურუა - ანა ფოტიგა

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ საქართველოს მთავრობას სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნების ჩატარებისა და გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ  მოუწოდა. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესახებ ანგარიშის განხილვისას ისაუბრა.

„მიუხედავად დაბრკოლებებისა და სირთულებისა, საქართველო ინარჩუნებს ევროატლანტიკურ გეზს, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში. საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები. ამასთანავე, გაათავისუფლოს გიორგი რურუა  და ამით შეასრულოს 8 მარტს ოპოზიციის ლიდერებთან მიღწეული ხელშეკრულების პირობები.“ - ამბობს ფოტიგა

მარტში მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებას იხსენებს ურმას პაეტიც და მას სწორ ნაბიჯად მოიხსენიებს.

საქართველოს მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეებისგან და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შევიწროებისგან. ასევე, უკიდურესად მნიშვნელოვანია გარანტირებული იყოს მედიათავისუფლება, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი მოსაზრების გამოთქმისა და შეკრების თავისუფლება

სხდომაზე ასევე ისაუბრა ვიოლა ფონ კრამონმა, რომელიც თვლის, რომ ეს არჩევნებია გადამწყვეტი საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეგიონში ლიდერია, გარკვეული პრობლემები კვლავ დასაძლევია. შიდა ასპარეზზე მილიარდერი ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობა ემუქრება დემოკრატიას, საგარეო ასპარეზზე რუსეთი აგრძელებს ჰიბრიდულ ომს, ემუქრება ქვეყნის სუვერენიტეტს სამხედრო ოკუპაციით, მცოცავი ანექსიითა და კიბერთავდასხმებით. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის ევროპულ მომავალს. თანაბარი პირობები გარანტირებული უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ფიგურისთვის, ხოლო მართლმსაჯულების სისტემა უნდა გახდეს უფრო გამჭვირვალე“ - ამბობს ვიოლა ფონ კრამონმა.

პლენარული სხდომა გუშინ, 14 სექტემბერს გაიმართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების მიღებაც განიხილეს.

აქვე შეგახსენებთ ეს არ არის ევროპარალმენტარების მხრიდან პირველი მოწოდება არც გიორგი რურუას გათავისუფლებაზე და არც სამართლიან და თავისუფალ გარემოში არჩევნების ჩატარებაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი