Reuters ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ [ICC] გამოძიება დაიწყო სავარაუდო ომის დანაშაულებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მხრიდან უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე კიბერშეტევებს.
პუბლიკაციის ავტორები იუწყებიან, რომ ეს არის მსგავსი ტიპის პირველი გამოძიება და ეხება როგორც 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან, ისე 2015 წლიდან განვითარებულ მოვლენებს.
Reuters-ის წყაროების ცნობით, ICC-ის პროკურორები იკვლევენ სულ მცირე ოთხ ფართომასშტაბიან კიბერშეტევას უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
კერძოდ, სასამართლოს წარმომადგენლები სწავლობენ რუსი ჰაკერების ჯგუფის საქმიანობას, რომელიც ცნობილია როგორც Sandworm; დასავლური და უკრაინის სადაზვერვო სამსახურები თვლიან, რომ ის პირდაპირ კავშირშია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან.
Sandworm-ს მონიტორინგს ახორციელებს, კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა ცენტრი. Reuters-ის ცნობით, 2022 და 2023 წლებში სწორედ მათ გაუგზავნეს ICC-ს კონფიდენციალური ინფორმაცია უკრაინის ენერგეტიკის წინააღმდეგ ხუთი კიბერშეტევის შესახებ, რაც შეიძლება წარმოადგენდეს ომის დანაშაულს.
ვარაუდობენ, რომ Sandworm ჯგუფის ჰაკერები, პირველად, დასავლეთ უკრაინაში ელექტრო ქსელს 2015 წელს დაესხნენ თავს.
უკრაინის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ Sandworm აქტიურად იყო ჩართული კიბერ ჯაშუშობაში დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ, რუსული სამხედრო დაზვერვის სახელით.