"ჩვენ ერთად ვდგამთ პირველ ნაბიჯს სამართლიანი მშვიდობისკენ, რომელიც ეფუძნება გაეროს წესდებას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს," - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს და შვეიცარიაში 2 დღიანი, მშვიდობის გლობალური სამიტის დაწყებას მიესალმება.
"დღეს მშვიდობის გლობალური სამიტი იწყება რეგისტრირებული 100 სახელმწიფოთი და საერთაშორისო ორგანიზაციით, რომლებიც ყველა კონტინენტიდან და მსოფლიოს კუთხიდან ჩამოდიან, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა პერსპექტივებს, მაგრამ გაერთიანებულნი არიან საერთაშორისო სამართლითა და ერთმანეთის პატივისცემით.
ლათინური ამერიკა, ახლო აღმოსავლეთი და აზია, აფრიკა, ევროპა, წყნარი ოკეანე, ავსტრალია, ჩრდილოეთ ამერიკა - ყველა მათგანი იმყოფება. სამშვიდობო სამიტი საშუალებას აძლევს ყველა ქვეყანას მოისმინოს და გამოავლინოს გლობალური ლიდერობა.
ჩვენ ერთად ვდგამთ პირველ ნაბიჯს სამართლიანი მშვიდობისკენ, რომელიც ეფუძნება გაეროს წესდებას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს," - წერს ზელენსკი.
უკრაინის მშვიდობის სამიტი შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება.
სამიტის მიზანია უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი სამშვიდობო პროცესის წამოწყება და შემდგომი ნაბიჯებისთვის ინიციატივების ჩამოყალიბება.
სამიტის პროგრამა ითვალისწინებს როგორც პლენარულ სხდომებს, ასევე დისკუსიებს შესაბამის თემაზე.
სამიტს 100 ქვეყნის დელეგაცია დაესწრება, მათ შორის 57 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მთელი მსოფლიოდან.