
პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე, ფიცოს ბედის გაზიარებასთან დაკავშირებით მუქარაზე მისივე განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოში გამოძიების დაწყებას რელევანტურად არ მიიჩნევს. მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა თქვა, რომ გამოძიების დასაწყებად სათანადო მტკიცებულებები არ არსებობს.
კობახიძის თქმით, არ ფიქრობს, რომ მუქარა იყო შედეგზე გათვლილი, აქედან გამომდინარე ვერ ხედავს საქართველოში გამოძიების დაწყების ინტერესს. მისივე აზრით, სხვა ქვეყნისთვის, შესაძლოა ამ საქმეზე გამოძიების დაწყება რელევანტური იყოს.
"რაც შეეხება ფიცოს ბედის გაზიარებით მუქარის საქმეს მე ამასთან დაკავშირებით გავაკეთე განცხადება, რომ თუ ნებისმიერი ქვეყნის გამოძიება დაინტერესდება მზად ვარ მივცე ჩვენება და ეს გამოძიება შეიძლება იყოს აქტუალური კონკრეტული ქვეყნებისთვის, მაგრამ არა ქართული გამოძიებისთვის. მე არ მგონია, რომ საბოლოო ჯამში, მუქარა იყო შედეგზე გათვლილი, აქედან გამომდინარე ვერ ვხედავ საქართველოში გამოძიების დაწყების ინტერესს, მაგრამ ფაქტია, რომ აღიარებაც მოყვა ამ ყველაფერს ხო. იყო პირდაპირი აღიარება გვითხრეს, რომ გარკვეული პროცესების შედეგი შეიძლება იყოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის ლიკვიდაცია. ეს აღიარეს შემდეგ. ეს არის რეალურად მუქარა.
რაც შეეხება საქართველოში შედეგზე გათვლას, მე არ მგონია, რომ ეს საქართველოში შედეგზე იყო გათვლილი, აქედან გამომდინარე, საქართველოს რეალობისთვის მეც არ მგონია, რომ იყოს რელევანტური გამოძიების დაწყება, მაგრამ სხვა ქვეყნებისთვის შეიძლება იყოს აბსოლუტურად რელევანტური. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, თუ რომელიმე კონკრეტული ქვეყანა დაინტერესდება, გამოძიება თუ დაინტერესდება მზად ვარ მივცე შესაბამისი ჩვენება. ეს იყო დაშინების აბსოლუტურად უსუსური მცდელობა. აქედან ჩანს, რომ ის ადამიანები და ის ძალები, რომლებიც საქართველოს აშანტაჟებენ, ხან კანდიდატის სტატუსით ხან მოლაპარაკებების გახსნა არ გახსნით, არიან საკმაოდ უსუსურ მდგომარეობაში," - თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ 23 მაისს კობახიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი (ვინაობის დასახელების გარეშე) სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით დაემუქრა. რობერტ ფიცო ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. მოგვიანებით მომხდარს ევროკომისარი ვარჰეიც გამოეხმაურა და თქვა, რომ სატელეფონო საუბრის ნაწილი კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.