რუსული დრონის თავდასხმის შედეგად, ხერსონის ოლქში, საგუშაგოზე მყოფი პოლიციელი, ალექსანდრე
ჩეჰუნი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"რუსული უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად, ხერსონის რაიონული პოლიციის No1 განყოფილების საპატრულო პოლიციის რეაგირების სექტორის ინსპექტორი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი მძიმედ დაშავდა, ის საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა," - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ჩეჰუნმა ხერსონის ოლქში, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საავტომობილო ინსპექციაში, სამსახური 2007 წელს დაიწყო. მსახურობდა სხვადასხვა დანაყოფებში, კერძოდ, ხერსონის სპეცსაპატრულო ბატალიონსა და პოლიციის სპეცდანიშნულების ბატალიონში.
უკრაინული გამოცემის, Укрінформ-ის ცნობით, გასული დღის განმავლობაში, რუსებმა ხერსონის ოლქის 17 დასახლება დაბომბეს, შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი.