"ჩვენ ვერ დაველოდებით კიდევ 75 წელს უკრაინის [NATO-ში] გაწევრიანების აღსანიშნავად," - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა და აღნიშნა, რომ უკრაინა უნდა გახდეს NATO-ს წევრი, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოება და სტაბილურობა ევროატლანტიკურ ზონაში.
გაცნობებთ, რომ NATO-ს 75-ე საიუბილეო სამდღიანი სამიტი, ვაშინგტონში, 32 მოკავშირე ქვეყნის
უსაფრთხოების ჩარჩოზე ხელმოწერით დასრულდა. გარდა ამისა, ქვეყნებმა დაადასტურეს კიევის "შეუქცევადი" გზა გაწევრიანებისკენ, თუმცა უკრაინას არ მიუღია რაიმე საბოლოო სიახლე მისი მომავალი გაწევრიანების შესახებ
"ჩვენ სრულიად ბედნიერი ვიქნებით მხოლოდ მაშინ, როცა უკრაინა გახდება NATO-ს წევრი და ამის დაპირება შესრულდება. ბოლო დღეებში მოვისმინეთ ძალიან დამამშვიდებელი გზავნილები ყველა დონეზე, რომ წევრობის გზა შეუქცევადია, რომ უკრაინა NATO-ში იქნება... მაგრამ ჩვენ ვერ დაველოდებით კიდევ 75 წელს უკრაინის გაწევრიანების აღსანიშნავად," - განაცხადა კულებამ.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინა დარწმუნებულია, რომ მოკავშირეების ვალდებულებები შესრულდება, მაგრამ ვადები რჩება მთავარ საკითხად.
"ჩვენ ვთხოვთ ყველა ჩვენს პარტნიორს, იჩქარონ დაპირებულის მიწოდება, რადგან ჩვენ ეს გვჭირდება აქ და ახლა, რათა დავიცვათ ჩვენი ქალაქები, როდესაც საქმე ეხება ჩვენს საჰაერო თავდაცვას, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და რუსი დამპყრობლების განადგურებას," - თქვა კულებამ.
ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ უკრაინა უახლოეს 10 წელიწადში შეუერთდება ალიანსს. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ კი, რომელმაც არაერთხელ მოუწოდა პარტნიორებს გასცენ მოწვევა კიევში წევრობისთვის, თქვა, რომ უკრაინა NATO-ში მხოლოდ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასრულების შემდეგ გახდება.