პლატფორმა "ერთიანობისფ" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია ამბობს, რომ რუსული კანონის გასაუქმებლად პარლამენტის წევრებიც წარადგენენ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში. მისი თქმით, ეს კანონი არღვევს კონსტიტუციის 78-ე და 22-ე მუხლებს. სარჩელები მზად აქვთ პრეზიდენტს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
კორძაია ამბობს, რომ პოლიტიკოსების სარჩელს თვის ბოლოს შეიტანენ.
"პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მე ვიყავი წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე, როდესაც ვიხილავდით სარჩელებს და იქვე დავამატე პარლამენტის წევრების პოზიცია, რომ ჩვენც აუცილებლად შევიტანდით სარჩელს, ჩვენი სარჩელიც თითქმის მზად არის, თვის ბოლოს შევიტანთ სარჩელს სწორედ იმ მუხლებით, რომლითაც შეაქვს საქართველოს პრეზიდენტს, ეს არის კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევა და კონსტიტუციის 22-ე მუხლის დარღვევა, რაც ნიშნავს გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვას და რა თქმა უნდა, რაც ნიშნავს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის განადგურებას.
პარლამენტის წევრებმა ჩავთვალეთ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 78-ე მუხლის აღსრულებაში ჩვენც, როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა მივიღოთ მონაწილეობა, რადგან ვთვლით, რომ 78-ე მუხლის დაწესებული ეს ბრძოლა ევროკავშირისთვის არის ჩვენი ვალდებულებაც, რადგან იქ წერია, რომ ყველა სახელმწიფო დაწესებულება ვალდებულია, რომ გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამიტომ ოპოზიციის თანხმობა ამასთან დაკავშირებით არის და ჩვენც შევიტანთ სარჩელს ისევე როგორც საქართველოს პრეზიდენტს, ისევე როგორც საქართველოს მედიის წარმომადგენლებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დარწმუნებული ვარ, რომ პერსონალური მონაცემების დაცვაში ფიზიკური პირებიც შეიტანენ სარჩელს.
ძალიან კარგია, რომ დღეს პრეზიდენტი ხსნის ამ პროცესს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არცერთი სეგმენტი, არცერთი ნაწილი ამ კანონის არ დარჩეს გასაჩივრების გარეშე, რადგან ეს კანონი არავის არ უტოვებს თავისუფალ სივრცეს ამ ქვეყანაში", - ამბობს კორძაია.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს რუსული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით დღეს, 15 ივლისს მიმართავს. პრეზიდენტი ასევე მოითხოვს განხილვის დასრულებამდე კანონის მოქმედება შეჩერდეს.
გარდა ამისა, სარჩელის პარალელურად, საკონსტიტუციოში მომავალ კვირაში სამოქალაქო საზოგადოების სარჩელიც შევა, რომელსაც ხელს 150 ორგანიზაცია აწერს.