მალტელი პოლიტიკოსი რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 623-მა ევროპარლამენტარმა მიიღო, რომელთაგან 562-მა მხარი სწორედ რობერტა მეცოლას დაუჭირა, 61 დეპუტატის ხმა მიიღო ესპანელმა მემარცხენე პოლიტიკოსმა - ირენ მონტერომ. კენჭისყრა სტრასბურგში გაიმართა.
"ვფიქრობ, რომ ევროპა ყოველთვის ღირდა ბრძოლად, ის სრულყოფილი არასდროს ყოფილა მაგრამ ჩვენ ევროპარლამენტს, ამ დარბაზს ვუყურებდით, როგორც სტანდარტების სიმბოლოს. ეს არის კანონის უზენაესობის, თანასწორობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის გარანტია. მან მოგვცა შანსი, რომ ვიფიქროთ ისეთ მომავალზე სადაც ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდული არ არის, სწორედ ამას ნიშნავს ევროპა ჩემთვის და მილიონობით ადამიანისთვის. სიყვარული ჩვენი პროექტის მიმართ არ განელებულა და მინდა რომ მონაწილეობა მივიღო მის გაუმჯობესებაში,"- განაცხადა რობერტა მეცოლამ.
რობერტა მეცოლა ევროპარლამენტს 2.5 წლის ვადით უხელმძღვანელებს. მან ეს თანამდებობა პირველად 2022 წლის დასაწყისში დაიკავა.