"მე მომეცემოდა წვდომა ბევრ ინფორმაციაზე, ამის შეეშინდა სისტემას და მიიღეს ზომები" | წიქარიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნდა:

მე მქონდა მოლოდინი, რომ რაღაც  ზომები იქნებოდა მიღებული, თუმცა ასე სწრაფად და ასე ეფექტურად თუ მოხდებოდა, ამის მოლოდინი არ მქონდა - ამბობს კახა წიქარიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც მისი იუსტიციის საბჭოს არამოსამართლედ დანიშვნის განკარგულებას, რომელსაც პრეზიდენტმა 15 ივლისს მოაწერა ხელი, შეაჩერა.

"მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" წიქარიშვილი მიღებულ გადაწყვეტილებას სასამართლო კლანის ინტერესებს უკავშირებს და ამბობს, რომ ამ ინტერესებს ადასტურებს სარჩელის შეტანის დღესვე გადაწყვეტილების მიღება:

"სასამართლო სისტემაში დიდი პრობლემაა საქმეთა გაჭიანურება, საქმეები იწელება წლების და თვეების განმავლობაში და ის, რომ განცხადების შეტანიდან რამდენიმე საათში იქნეს მიღებული გადაწყვეტილება, ეს ერთადერთი თუ არა, იშვიათი შემთხვევაა. ეს აჩენს ეჭვს, რომ მოსამართლე იყო დაინტერესებული შედეგით და ზოგადად სისტემა არის დაინტერესებული შედეგით. 

ჩემი უფლებამოსილება იწყებოდა ხვალ. მე უკვე მომზადებულ მქონდა სამუშო გეგმა, საჯარო განცხადებები, ვაპირებდი ყურადღების გამახვილებას კლანზე და მინდოდა ამეხსნა საზოგადოებისთვის როგორ მუშაობს, როგორ იმართება ეს კლანი , ოღონდ ამ შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გადმოსახედიდან. ჩემი სამუშაო გეგმა ითვალისწინებდა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების სიღრმისეულ შესწავლას და საზოგადოების ინფორმირებას. დღეს გარე დამკვირვებელს არ აქვს სათანადო ბერკეტები, რომ სიღრმისეულად შეისწავლოს და იუსტიციის საბჭოს წევრს ექნებოდა წვდომა ბევრ ინფორმაციაზე და მე ვფიქრობ, ამის შეეშინდა სისტემას, სისტემას შეეშინდა ჩემი განცხადებების და იმის, რომ მე მომეცემოდა წვდომა ბევრ ინფორმაციაზე, რომელსაც ისინი საჯაროდ არ იძლევიან და მიიღეს ზომები ამის წინააღმდეგ" ამბობს წიქარიშვილი.  

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასეს როგორც პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში ჩარევა. მოსარჩელე, კი რომელიც პრეზიდენტის განკარგულების გაუქმებას ითხოვს, სავარაუდოდ, ადვოკატი მანუჩარ კაკოჩაშვილია.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, კახა წიქარიშვილის დანიშვნის განკარგულება შეჩერებულია, ამავე გადაწყვეტილებით, სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, პრეზიდენტს აეკრძალა  ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი