უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა, რომ დაარტყეს რუსეთის კურსკის ოლქის ენერგოობიექტებს

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალები თავს დაესხნენ ოთხ ელექტროქვესადგურს რუსეთში, კურსკის ოლქში.

"შედეგად, ელექტრომომარაგების შეფერხებები ფიქსირდება კურსკის ოლქის პონიროვსკის, კურსკის და სოლნცევსკის რაიონებში", - აცხადებენ უკრაინელი სამხედროები.

გენერალური შტაბის შეტყობინებაში ნათქვამია, რომ რუსული ინდუსტრია, რომელიც მუშაობს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის, უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეა.

"ეს ობიექტები, სხვა საკითხებთან ერთად, უზრუნველყოფს რუსეთის რკინიგზის ფუნქციონირებას, რომელიც ახორციელებს იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირებას მისი საოკუპაციო ჯარის მხარდასაჭერად", - წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

ორშაბათს საღამოს კურსკის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ღამით გაანადგურა 19 უკრაინული დრონი ექვს რაიონში: კურსკი, პრისტენსკი, სოლნცევსკი, ზოლოტუხინსკი, სუჯანსკი და პონიროვსკი.

ამავდროულად, გუბერნატორის თქმით, სოლნცევსკის რაიონში "უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა" დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რამაც გამოიწვია ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა. მისი მტკიცებით, ზოლოტუხინსკისა და პონიროვსკის რაიონებში რკინიგზის ლიანდაგებთან ჩამოვარდნილ ნამსხვრევებს ზიანი არ გამოუწვევია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი