ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ ოპოზიციას ქაოსი და არჩევნების გადადება აწყობს. მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ ოპოზიციის წინადადებები და იდეები აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა.
ოპოზიციას სურს, რომ ჩვენ დავუშვათ ქაოსი და უკონტროლობა, მათ აწყობთ არჩევნების წინ არეულობა და მისი გადადება, რადგან ძალიან ზუსტად და სწორად აფასებენ მათთვის არც თუ სახარბიელო შანსებს არჩევნებში... ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მათი (ოპოზიციის) წინადადებები, იდეები არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, არანაირი გათვლებით გამყრებული არ არის, მიმართულია ბიუჯეტის დანგრევისკენ... იციან, რომ მანდატს ვერ მოიპოვებენ და იციან, რომ არავინ მოსთხოვს დაპირებების შესრულებას. ამიტომაც გულუხვად გასცემენ ამ პოპულისტურ დაპირებებს, - თქვა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას, დღეს, 28 სექტემბერს, "ევროპული საქართველოს" ინიციატივით პარლამენტში უსმენდნენ.
რაც შეეეხება 31 ოქტომბერს ჩანიშნულ არჩევნებს - მასში მონაწილეობის მისაღებად სულ 66 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.
საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა
პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.