აფგან სადიგოვის ადვოკატმა 3-თვიანი საექსტრადაციო პატიმრობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. უფლებადამცველმა შესაბამისი დოკუმენტაციით მეორე ინსტანციას უკვე მიმართა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გათავისუფლებას ითხოვს. სააპელაციო სასამართლოს ადვოკატი ალტერნატივის სახით გირაოს, 2 000 ლარის ოდენობით სთავაზობს. ადვოკატის ინფორმაციითვე, აფგან სადიგოვმა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს საქართველოში საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა.
"ჩვენი მოთხოვნა იყო სააპელაციო საჩივარში, რომ გათავისუფლებულიყო და საერთოდ არცერთი არ გამოყენებულიყო, ალტერნატივის სახით, სასამართლოს, ვთავაზობთ, რომ მის მიმართ გამოიყენოს, თუ მიიჩნევს, რა თქმა უნდა, სასამართლო ამ შემთხვევაში, გირაო 2000 ლარის ოდენობით. ბატონმა აფგან სადიგოვმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უკვე მიმართა განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, საქართველოში საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით. შესაბამისად, უკვე რადგან ეს პროცედურები დაიწყება, პირის ექსტრადაცია ვერ განხორციელდება, სანამ ამოწურული არ იქნება თავშესაფრის საკითხი", - ამბობს სადიგოვის ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს
დააკავეს. რამდენიმე კვირით ადრე მას თბილისის აეროპორტში არ მისცეს უფლება ბაქოს გარდა სხვა მიმართულებით გაფრენილიყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი სადიგოვს 3-თვიანი საექსტრადაციო პატიმრობა შეუფარდა.
ავტორი: დავით კობიძე