უკრაინის არმია რუსეთში სულ უფრო მეტ ტერიტორიას აკონტროლებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელებმა ახალი დასახლებული პუნქტები დაიკავეს და თითქმის ალყაში მოაქციეს კურსკის ოლქის ერთ-ერთი რაიონული ცენტრი, ქალაქი სუჯა.
ცნობილია, რომ ბოლო 25 საათის განმავლობაში, კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალები 20-მდე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ. ბრძოლები მიმდინარეობს 430 კვადრატულ კილომეტრზე - ეს კი ქალაქ ხარკოვზე დიდ ტერიტორიაა.
რა მიმართულებით განავითარებენ შეტევას უკრაინელები უცნობია, თუმცა, არ არის გამორიცხული, სამიზნედ კურსკის ატომური ელექტროსადგური იქცეს.
ნებისმიერ შემთხვევაში უკვე აშკარაა, რომ რუსეთს, შეტევის მოსაგერიებლად, ან წინააღმდეგობის გასაწევად მნიშვნელოვანი ძალების მობილიზება მოუწევს. სწორედ ამ მიზეზით დღეს კრემლში მორიგ მობილიზაციაზე ალაპარაკდნენ. თუმცა პუტინი მოხსენებას ევაკუაციაზეც ისმენდა. კრემლის დიქტატორს დღეს მოახსენეს, რომ მინიმუმ რამდენიმე ათსი ადამიანი უკვე გაყვანილია საცხოვრებელი ადგილებიდან. ათობით ათასის ევაკუაციისთვის კი მზადება მიმდინარეობს და საავადმყოფოები ათასობით ახალ საწოლ ადგილს ამზადებენ.