რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქ კოსტიანტინივკაში სუპერმარკეტს დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ზოგიერთი ადამიანი ნანგრევების ქვეშ რჩება - "ამ ტერორზე პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრება," - წერს ზელენსკი.
თავდაპირველად დონეცკის ოლქის გუბერნატორმა ვადიმ ფალაშკინმა განაცხადა, რომ ქალაქი თავდასხმის ქვეშ მოექცა. მოგვიანებით კი თქვა, რომ მას რუსული Kh-38 რაკეტა ჩამოვარდა. ადგილობრივი გამოცემის, Novosti Donbassa-ს გავრცელებულ კადრებში ცეცხლმოკიდებული "ეკომარკეტის" შენობა ჩანს. ასევე დაზიანდა უმსხვილესი საფოსტო სამსახურის Nova Poshta-ს სატვირთო განყოფილება, რომელიც სავაჭრო ცენტრში მდებარეობდა. კომპანიამ დაზიანებული ამანათების კომპენსაციის პირობა დადო.
გუბერნატორ ვადიმ ფალაშკინის ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმამ ასევე დააზიანა 4 სახლი, 9 მაღაზია, ავტოსამრეცხაო და 12 მანქანა. თავდასხმის ზუსტი შედეგები ამ დრომდე დგინდება.
"კოსტიანტინივკაში სუპერმარკეტზე თავდასხმა რუსული ტერორის კიდევ ერთი შემთხვევაა. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომი არის ყველაფერი, რაც მათ შეუძლიათ" - განაცხადა პრეზიდენტის ოფისის უფროსმა ანდრეი ერმაკმა.