"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, პოლიტპატიმარი გიორგი რურუა საპატიმროდან აუცილებლად გათავისუფლდება და ამას ოპოზიცია ერთიანი ძალებით მიაღწევს. როგორც მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი დებატები" თქვა, "ოცნების" ძალადობრივი მეთოდები, რომელიც მმართველმა პარტიამ არჩევნებამდე ექვსი კვირით ადრე დაიწყო, სისუსტის ნიშანია და მათი დამარცხებისკენ მიუთითებს.
ერთიანი პოზიცია უნდა გვქონდეს იმისთვის, რომ შევაჩეროთ ძალადობა, რომელიც უკვე დაიწყო ხელისუფლებამ. მე მინდა ხაზგასმით ვთქვა ერთი რამ - არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც დარწმუნებულია საკუთარ გამარჯვებაში, რომელსაც მართლა სჯერა, იმ რაღაც გამოკითხვის შედეგების რომელსაც თვითონვე ატარებენ. რომელიც მსგავსი ძალადობით იწყებს არჩევნებამდე 6 კვირით ადრე საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას. რეალურდ ეს სისუსტის ნიშანია, ეს არის ნიშანი იმის, რომ გარდაუვალია მათი დამარცხება და ამ დამარცხების გასაფორმებლად ჩვენ გვჭირდება ერთიანი ფრონტი მათ შორის ჩვენი არჩევანის დასაცავად და დასაცავად არჩევანის უფლების საქართველოს ყველა მოქალაქის, - ამბობს სამადაშვილი.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები ერთობლივ დეკლარაციაზე 18 აგვისტოს შეთანხმდნენ, 24 აგვისტოს კი ერთობლივად შემუშავებულ მემორანდუმს ხელი მოაწერეს. შეთანხმების მიზანია კოორდინირებული მუშაობა და არჩევნების გზით მოქმედი ხელისუფლების შეცვლა.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.
საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.