ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდის რეგიონში საზღვრის გარღვევა სცადეს

გამოქვეყნდა:

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ტელეგრამ არხზე წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რეგიონის საზღვრის გარღვევას ცდილობენ:

"გაჩნდა ინფორმაცია, რომ მტერი ბელგოროდის რეგიონის საზღვრის გარღვევას ცდილობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვითარება საზღვარზე კვლავ რთულია, მაგრამ კონტროლირებადი. ჩვენი სამხედროები გეგმურ სამუშაოებს ასრულებენ. გთხოვთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ენდოთ მხოლოდ ოფიციალურ საინფორმაციო წყაროებს." წერს გუბერნატორი

იქამდე კი, მედიის ინფორმაციით, რამდენიმე რუსულ ტელეგრამ არხზე გავრცელდა ცნობები სასაზღვრო ტერიტორიაზე, კერძოდ, რუსულ სოფელ ნეხოტეევკასა და შებეკინოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მიმდინარე ბრძოლის შესახებ.  უკრაინულ მხარეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ცნობისთვის, უკრაინელი სამხედროები, მათ შორის რუსი მოხალისეთა ბატალიონები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში იბრძვიან, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რამდენჯერმე შეიჭრნენ ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე. 

აგვისტოს დასაწყისიდან გრძელდება შეტევა მეზობელ კურსკის რაიონზეც, სადაც უკრაინამ უკვე ათეულობით დასახლება აიღო.

ორივე რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაცია და ფედერალური საგანგებო რეჟიმი მოქმედებს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი