ბერლინმა უკრაინისთვის IRIS-T-ის ტიპის თავდაცვის საჰაერო სისტემის დამატებით 17 ერთეული შეუკვეთა. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დაადასტურა. როგორც ირკვევა, გერმანიამ უკრაინას 7 ერთეული IRIS-T-ის სისტემა უკვე მიაწოდა. მომდევნო 4 ერთეულს უკრაინა წლის ბოლომდე მიიღებს, დარჩენილი სისტემები კი მომდევნო წლის ბოლომდე გადაეცემა.
გერმანიის კანცლერის თქმით, IRIS-T-ის სისტემები უკრაინის თავდაცვის ძალებს 250-ზე მეტი რაკეტის და სხვადასხვა ტიპის დრონების მოგიერიებაში უკვე დაეხმარა და არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
"ეს აჩვენებს, რომ უკრაინისადმი გერმანიის მხარდაჭერა არ იკლებს", - თქვა გერმანიის კანცლერმა.
შოლცის თქმით, გერმანია 6 ერთეულ IRIS-T-ის სისტემას საკუთარი თავდაცვის ძალებისთვისაც შეიძენს, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების ინიციატივაში, რომელიც 21 ქვეყანას აერთიანებს.