სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების შეწყვეტის მოთხოვნა | შაჰინის განცხადება და კობახიძე- პაპუაშვილის ურთიერთგამომრიცხავი პასუხები

გამოქვეყნდა:

ოცნების პრემიერთან გამართული მოლაპარაკების ერთი მთავარი დეტალი სენატორმა ჯონ შაჰინმა ამერიკულ გამოცემასთან გაიხსენა. ირკვევა, რომ დემოკრატ შაჰინსა და დელეგაციაში მასთან ერთად მყოფ რესპუბლიკელ კონგრესმენ მაიკ ტერნერს, ირაკლი კობახიძემ სამოქალაქო საზოგადოების იმ ნაწილისთვის მოსთხოვა დაფინანსების შეწყვეტა, ვინც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულია. სენატორი National journal-თან ამბობს, რომ ეს არა დემოკრატიის, არამედ დიქტატურის გზაა. 

"ერთი რამ, რაც პრემიერმინისტრმა გვითხრა, როდესაც შევხვდით - ჩვენ ვსაუბრობდით შეერთებულ შტატებთან გაუარესებულ ურთიერთობასა და ჩვენს შეშფოთებაზე - "ქართული ოცნების" მთავრობას არ სურს გადახედოს გამოთქმულ შეშფოთებას. მისი თხოვნა იყო, შეგვეწყვიტა სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსება. მათი, რომლებიც შესაძლოა კრიტიკულად იყვნენ განწყობილები "ოცნების" ხელისუფლების მიმართ. - ამბობს სენატორი

ჯინ შაჰინი  2024 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებაზე აკეთებს აქცენტს. ამბობს იმასაც რომ მის მიერ სენატში ინიცირებულ "ქართველი ხალხის აქტზე" მუშაობენ და ფიქრობს რომ იქ გაწერილი დებულებები, სანქციების ჩათვლით, განხორციელდება. 

ირაკლი კობახიძემ სენატორ დღეს ტყუილში დაადანაშაულა, შალვა პაპუაშვილმა კი დაადასტურა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხს დონერებთან ყოველთვის დღის წესრიგში აყენებენ.

"მე არაერთხელ მქონდა ამაზე დონორებთან საუბარი, რომ მათ მიერ დაფინანსებულ ენჯეოებს მიაქციონ ყურადღება იმ მხრივ, რომლებიც ჩართული არიან ძალადობაში, ბულინგში, სიძულვილის ენის გავრცელებაში. მაგალითებიც არაერთხელ მომიყვანია მათთვის. არის ჩუმი თავდახრა, დათანხმება რაღაც საკითხებთან, მაგრამ სამწუხაროდ შედეგი ყოველთვის იყო ნული. ის, ვინც ამბობს, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლებას აქვს რაიმე პრობლემა კრიტიკულ დისკუსიასთან, ის ცრუობს. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოში ამერიკის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ მოლოტოვის კოქტეილის სროლა არის კარგი", - ამბობს პაპუაშვილი. 

შეერთებულ შტატებს საქართველოში დემოკრატიის დაცვისთვის რომ მეტის გაკეთება შეუძლია, ამის შესახებ "ვაშინგტონ პოსტი" სარედაქციო სტატიაში წერს. გავლენიანი გამოცემა ოლიგარქის  ხელისუფლებას ავტორიტარულად და პრორუსულად მოიხსენიებს; მიმართავს პრეზიდენტ ბაიდენსა და კონგრესს, რომ საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ.

საქართველოში დემოკრატიის შესამჩნევ უკუსვლაზე საუბრობს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე. თბილისიდან ბრიუსელში დაბრუნებული დეპუტატი სოციალურ ქსელ იქსზე წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი და ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია. 

სტრატეგიული პარტნიორები ამბობენ, რომ მათი განცხადებები არჩევნების მნიშვნელობის შესახებ მხოლოდ სიტყვები არ არის და ისინი იმოქმედებენ კიდეც. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ევროკავშირის ქვეყნები 26 ოქტომბრისთვის საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლებს აგზავნიან. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი