რუსულმა დრონებმა ლატვიისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეები დაარღვიეს

გამოქვეყნდა:

უკრაინისკენ გაშვებულმა რუსულმა დრონებმა, ლატვიისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეები დაარღვიეს. ამის შესახებ ინფორმაციას, ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩი სოციალურ ქსელში, ხოლო რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს. 

რინკევიჩის თქმით, რუსული სამხედრო დრონი გუშინ, 7 სექტემბერს ლატვიის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდა. 

"ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. ჩვენს მოკავშირეებთან ახლო კონტაქტზე ვართ. NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგში ამგვარი შემთხვევების რიცხვი იზრდება და, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით [NATO-ს წევრ ქვეყნებს] ერთობლივი რეაგირება უნდა გვქონდეს", - წერს ლატვიის პრეზიდენტი X-ზე. 

რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კი 8 სექტემბერს, გამთენიისას რუსულმა დრონმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია, ხოლო შემდეგ ისევ უკრაინის მიმართულებით განაგრძო ფრენა. 

"რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის გაუმართლებელ თავდასხმებს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე, რაც სერიოზულ წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან", - წერია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი