წულუკიანის უწყებამ ლაშა ბაქრაძე ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

წულუკიანის უწყებამ ლაშა ბაქრაძე ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლა - განცხადებას კულტურის სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ ამის მიზანი ბაქრაძის მიერ გაკეთებული განცხადებაა, რომელიც, უწყების თქმით, "ზნეობრივ-ეთიკური ნორმების დარღვევაა". სამინისტროს თქმით, ეს პირველი შემთხვევა არაა და ბაქრაძე "სექსისტური განცხადებებით გამოირჩევა".

ლაშა ბაქრაძე თანამდებობიდან გათავისუფლდა

კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის, ლაშა ბაქრაძის, მიმართ ჩაატარა დისციპლინური წარმოება, რომელიც შეეხებოდა მიმდინარე წლის 3 სექტემბერს ლაშა ბაქრაძის განცხადებას ვასო გოძიაშვილის სახელობის სკვერში გამართულ ღონისძიებაზე.

ფაქტებისა და გარემოებების შესწავლითა და ინფორმაციის ანალიზით დასტურდება, რომ ლაშა ბაქრაძემ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, რაც გულისხმობს ზნეობრივ-ეთიკური ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფას ან დარღვევას, არაეთიკურ საქციელს ან სხვა ქმედებას, რომელსაც შედეგად მოჰყვა დაწესებულების დისკრედიტაცია, მიუხედავად იმისა სამსახურშია იგი ჩადენილი თუ მის გარეთ.  დასკვნის საფუძველზე, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. 

დასკვნის თანახმად, ცალსახაა, რომ ლაშა ბაქრაძის 3 სექტემბრის განცხადება ზიანს აყენებს მისი, როგორც ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის რეპუტაციას და ლახავს იმ მუზეუმის ავტორიტეტს, რომელიც გიორგი ლეონიძის სახელს ატარებს და მისიად ქართული კულტურის ინტერესების დაცვა აქვს განსაზღვრული. ლაშა ბაქრაძის განცხადება ლახავს როგორც ამ განცხადების ადრესატთა, ასევე ქალთა სქესის ნებისმიერი წარმომადგენლის ღირსებას, რითაც სცილდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს; არის დისკრიმინაციული და ლაშა ბაქრაძის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის. პროფესიული დისკუსიების დროსაც კი ის გამოირჩევა მისთვის სხვა მხრივ მიუღებელი ქალების მიმართ სექსისტური განცხადებებით და ინტელექტუალიზმით შეფუთული უდიერი დამოკიდებულებით.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ლაშა ბაქრაძე 5 სექტემბერს კულტურისა და სპორტის სამინისტროში იმყოფებოდა, სადაც მან ახსნა-განმარტებით ბარათში აღნიშნა, რომ „არასწორი სიტყვა“ გამოიყენა.  

ახსნა-განმარტების მიცემისას გამოირკვა, რომ ლაშა ბაქრაძემ წინა დღით, 4 სექტემბერს, განცხადებით მიმართა მუზეუმის დირექტორს (საკუთარ თავს) და გამოსცა დირექტორის ბრძანება N50, რომლითაც საკუთარი თავი შვებულებაში გაუშვა 5 ოქტომბრის ჩათვლით.

შესაბამისად, დღეს გამოცემული ბრძანების თანახმად, ლაშა ბაქრაძე დირექტორის თანამდებობას აღარ დაიკავებს 6 ოქტომბრიდან.

ინფორმაციისთვის: ლაშა ბაქრაძე სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა 2010 წლის 16 მარტს განუსაზღვრელი ვადით, - წერს სამინისტრო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი