აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლამი ოთხშაბათს ერთობლივი ვიზიტით უკრაინას ეწვევიან.
სახელმწიფო დეპარტამენტმა მანამდე განაცხადა, რომ ისინი შეხვდებიან პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და სხვა ოფიციალურ პირებს, რათა განიხილონ უკრაინის თავდაცვის შემდგომი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად.
AFP-ის ცნობით, ბლინკენი და ლამი მატარებლით კიევში გაემგზავრნენ პოლონეთიდან ოთხშაბათს დილით.
ეს ვიზიტი იმ ფონზე ხდება, როდესაც ვაშინგტონმა შესაძლოა გააუქმოს შეზღუდვები კიევის მიერ შორ მანძილზე მოქმედი ამერიკული რაკეტების გამოყენებაზე რუსეთის ტერიტორიის შიგნით დარტყმებისთვის.
წინა დღით, ბლინკენმა ინტერვიუში ეს შესაძლებლობა არ გამორიცხა, მოგვიანებით კი აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ საკითხს თეთრ სახლში განიხილავდნენ.
"ჩვენ ახლა ვმუშაობთ ამაზე", - განუცხადა მან ჟურნალისტებს, როდესაც პირდაპირ ჰკითხეს, გააუქმებს თუ არა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების შეზღუდვებს.