"რუსებმა, სრულმასშტაბიანი შემოჭრის პერიოდში, 137 000 სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს, სასჯელიც არ უნდა იყოს ნაკლები", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს და "ყირიმის პლატფორმის" მონაწილეებს მიმართავს.
"ადამიანებს სამართლიანობა აერთიანებს, რადგან სამართლიანობის სურვილი ჩვენი ადამიანური კულტურის საფუძველია. დღეს, სულ მცირე 137 000 მიზეზი არსებობს, რომ ეს საქმე გავაგრძელოთ და ბოლომდე მივიყვანოთ. 137 000 მშვიდობისა და კაცობრიობის, ჩვენი ხალხის, უკრაინელების წინააღმდეგ დანაშაულის ამ დროისთვის ცნობილი რიცხვია. ეს ნიშნავს, რომ სასჯელიც არ უნდა იყოს ნაკლები", - განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა ისიც, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე სიტყვა სამართლიანობა განსხვავებულად ჟღერს, მაგრამ, აუცილებელია, რომ ის ყველგან ერთნაირად იყოს აღქმული.
"ყველა ერმა იცის სამართლიანობის ფასი, ყველა სახელმწიფო პატივს სცემს ადამიანების სიცოცხლესა და საერთაშორისო კანონმდებლობას, უბრალოდ არ შეიძლება, რომ არ არსებობდეს სამართლიანობა", - ამბობს ზელენსკი.