სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ბაჩალიაშვილს ინფორმაციას აწვდიდა და მითითებებს აძლევდა - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი ფირგურანტი ჩნდება - ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი მითითებებს აძლევდა. რამიშვილის თქმით, დღეს 21 სექტემებრს პროკურატურას სწორედ ახალი მოწმის გამოკითხვის ოქმი წარუდგინა, რომელიც 3 აგვისტოთი თარიღდება. 

რამიშვილის თქმით, პირი მას თავად დაუკავშირდა და უთხრა, რომ ბაჩალიაშვილს გარკვეულ ინფორმაციას ჩიპით აწვდიდია. რამიშვილმა ინფორმაციის შინაარსზე არ ისაუბრა.

დამიკავშირდა სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც პირადად, დეტალურად აღწერს გამოკითხვის ოქმში, როგორი ურთიერთობა და როგორი კონტაქტი ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილთან. როგორ გადასცემდა გარკვეული წლების წინ ფლეშკებს და როგორ აძლევდა გარკვეულ მითითებებს, — თქვა მიხეილ რამიშვილმა.

რამიშვილმა მისი და საკუთარი ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვის მიზნით საქართველოში მოქმედ ყველა ელჩს მიმართა.

ბაჩალიაშვილის საქმის კიდევ ერთი ახალი ფიგურანტი, დავით ფურცხვანიძე კი აცხადებს, რომ სატელიტის ფოტოები, რომელიც ოჯახის ადვოკატს გადასცა, ყალბი არაა. "უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის" ხელმძღვანელი პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩაატარებს.

ფურცხვანიძემ დღეს, 21 სექტემბერს საქმის კიდევ ერთ ახალ გარემოებაზე ისაუაბრა და აღნიშნა, რომ საფრანგეთში უნივერსიტეტს, სადაც ბაჩალიაშვილმა სტაჟირება გაიარა, სპეცსამსახურები აკონტროლებენ.  ფურცხვანიძე ამბობს, რომ საქმე ფულის გათეთრების მასშტაბურ სქემას უკავშირდება, რომელშიც მისი თქმით, სწორედ კომპანია ZAG-ის ხელმძღვანელი, აბრაჰამ რეიხბახია გარეული. 

ამ ბრალდებას კომპანიის წარმომადგენელმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ბაჩალიაშვილს მხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფასთან ჰქონდა კავშირი და ის ვერსია, რომ რაიმე ინფორმაციასთან კავშირი ჰქონდა, გამორიცხულია.

პროკურატურა აცხადებს, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული სატელიტის კადრები დამონტაჟებული და ყალბია. 

გარდა ამისა, პროკურორმა ბრიფინგზე თქვა, რომ ადვოკატის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე სამართლებრივი რეაგირება საგამოძიებო უწყებას აუცილებლად ექნება. 

დავით ფურცხვანიძე მოსამართლის წინაშე უკვე დაიკითხა, როგორც მან აღნიშნა, გამოკითხვისას დაასახელა წყარო, ვინც სატელიტის ფოტოები მიაწოდა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი