უკრაინაში, გასული დღის განმავლობაში რუსულ თავდასხმებს სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა და 30 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული ადმინისტრაცია ავრცელებს.
რუსეთმა, ღამით, კიევის ოლქის მიმართულებით დრონები გაუშვა, საჰაერო თავდასხმის განგაში სამჯერ ჩაირთო და 5 საათს გაგრძელდა. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, კიევის თავზე და დედაქალაქთან მიახლოებისას აღმოჩენილი ყველა უპილოტო თვითმფრინავი განადგურდა, ზარალისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
გუბერნატორ სერხი ლისაკის ცნობით, დნეპროპეტროვსკის ოლქზე თავდასხმისას 2 ადამიანი დაშავდა. 50 წლის ქალი და 56 წლის კაცი სინელნიკოვის რაიონზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაჭრეს. დაზიანდა რამდენიმე სახლი, მანქანა და ტრაქტორი.
დონეცკის ოლქში, გუბერნატორ ვადიმ ფალაშკინის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში 2 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. ველიკა ნოვოსილკაზე თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, მეორე კი დაშავდა. მეორე მსხვერპლი ქალაქ ტორეცკში დაფიქსირდა, ორი ადამიანი დაიჭრა სელიდოვეში, ხუთი კი კოსტიანტინივკაში.
გუბერნატორ ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ხარკოვის ოლქში, 49 წლის კაცი დაიღუპა, როდესაც სოფელ ნიჟჩე სოლონთან რუსული თვითმფრინავი Lancet-ი მანქანას დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, იმავე დღეს იმავე სოფელზე ავიაიერიშის დროს 87 წლის კაცი დაშავდა.
ხერსონის ოლქში, გუბერნატორ ალექსანდრ პროკუდინის თქმით, რუსეთის თავდასხმებს სოფელ ველტენსკეში 55 წლის კაცი ემსხვერპლა, დაიჭრა 15 სხვა მშვიდობიანი მოქალაქე რეგიონის მასშტაბით. დაზიანდა გაზსადენი, ავტობუსი, სახლები, მრავალსართულიანი შენობა, სხვა შენობები და სამოქალაქო საკუთრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გასულ ღამეს რუსები დრონებით თავს დაესხნენ ოდესასაც, დაშავდა 1 კაცი, დაზიანდა საწყობები და სატვირთო მანქანები. რუსეთმა "ისკანდერ-მ" რაკეტით დაარტყა ოდესის ოლქის პორტის ინფრასტრუქტურას, დააზიანა სამოქალაქო სატვირთო გემი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სუმის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, 5 ოქტომბერს რიჩკის თემში ავტობუსზე თავდასხმის დროს.
რუსეთი ასევე თავს დაესხა ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, პოლტავას, ვინიცას, ხმელნიცკის, ლუგანსკის, მიკოლაევის, ზაპოროჟიეს და ჟიტომირის ოლქებს, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა.