"უკრაინაში ფრონტზე ჩრდ. კორეელი სამხედრო პერსონალის გაგზავნის შესაძლებლობა ძალიან სავარაუდოა" | სამხრეთ კორეა

გამოქვეყნდა:

სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა კიმ იონგ-ჰიუნმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკამ შესაძლოა თავისი ჯარები უკრაინაში გაგზავნოს.

„რადგან რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ სამხედრო ალიანსის მსგავსი შეთანხმება გააფორმეს, ფრონტზე სამხედრო პერსონალის გაგზავნის შესაძლებლობა ძალიან სავარაუდოა“, - ციტირებს მინისტრის განცხადებას სამხრეთ კორეული გამოცემა Yonhap.

კიმ იონგ ჰიუნის განცხადებითვე, დიდი ალბათობით სიმართლეა ინფორმაცია, რომ დონბასში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები იმყოფებოდნენ.

გასულ კვირას უკრაინულმა "კიევ პოსტმა" დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექვსი ჩრდილოეთ კორეელი ოფიცერი დაიღუპა და სამი დაიჭრა 3 ოქტომბერს უკრაინის სარაკეტო დარტყმის შედეგად. ამ ინფორმაციაზე რუსულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, 2024 წლის ივნისში ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა და რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც მოიცავდა ორმხრივ თავდაცვის პუნქტს. ეს არ ყოფილა ფხენიანსა და მოსკოვს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების პირველი შემთხვევა.

ჯერ კიდევ იანვარში აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბალისტიკური რაკეტები მიიღო ჩრდ. კორეის სახალხო რესპუბლიკიდან და უკვე გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი