ბოლო 4 დღეში მე-3 რუსული სარაკეტო თავდასხმა სამოქალაქო გემზე | ოდესაში დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

ოდესის რეგიონში უცხოურ სამოქალაქო გემზე Shui Spirit  რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. მძიმედ დაჭრილი 2 ადამიანი დღეს საავადმყოფოში დაიღუპა. სარაკეტო თავდასხმა 9 ოქტომბერს საღამოს მოხდა. ყველა მსხვერპლი უკრაინის მოქალაქეა.

ოდესის რეგიონული პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, დაწყებულია წინასწარი გამოძიება ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილი). გამოძიების თანახმად, რუსეთის საოკუპაციო არმიამ ოდესის ოლქის პორტის ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. დაზიანდა პანამის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო სატვირთო გემი.

„დაღუპულთა და დაშავებულთა საბოლოო რაოდენობასთან დაკავშირებით, ასევე ნგრევისა და ზარალის სრული სია დგინდება“, - აცხადებენ პრესსამსახურში.

ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებზე კომენტარი უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა, მე-3 რანგის კაპიტანმა დიმიტრი პლეტენჩუკმაც გააკეთა. მისი თქმით, საზღვაო დერეფნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დასკვნების გაკეთება ნაადრევია.

"პრობლემა იგივე რჩება - დახურული საჰაერო სივრცე შავი ზღვის თავზე. ეს არის სარაკეტო იარაღი, ეს არის ყირიმის საკითხი, რომელსაც რუსები გამშვებ პლატფორმად იყენებენ. აქ არის სამუშაო" - განაცხადა პლეტენჩუკმა.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ეს უკვე მესამე შემთხვევაა სამოქალაქო გემზე თავდასხმის ბოლო ოთხი დღის განმავლობაში. მათი თქმით, მტერი ცდილობს „მარცვლეულის დერეფნის“ მუშაობის ჩაშლას. მანამდე ოკუპანტებმა ოდესის პორტში პალაუს დროშის ქვეშ მყოფ სამოქალაქო გემს OPTIMA-ს დაარტყეს, რომელიც პორტში ჩასატვირთად შევიდა. თავდასხმას ემსხვერპლა 60 წლის უკრაინელი, რომელიც მუშაობდა კერძო ტვირთების გადამამუშავებელ კომპანიაში. ასევე დაშავდა ხუთი უცხოელი. 6 ოქტომბრის ღამეს პივდენის პორტში ბალისტიკური დარტყმა განხორციელდა უცხოურ გემზე, რომელსაც იტალიაში სიმინდი უნდა წაეღო.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი