გერმანია, მოკავშირეებთან ერთად, უკრაინისთვის 1.4 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ბერლინში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამდე განაცხადა.
„წლის ბოლომდე ჩვენი პარტნიორების, ბელგიის, დანიისა და ნორვეგიის, დახმარებით უკრაინას კიდევ ერთ პაკეტს გადავცემთ, რომლის ღირებულებაც 1.4 მილიარდი ევროა. ის საჰაერო თავდაცვასაც მოიცავს - IRIS-T, Skynex, „გეპარდებს“, ჰაუბიცებს, თვითმავალ საარტილერიო სისტემებს, ჯავშანმანქანებს, საბრძოლო დრონებს, რადიოლოკაციურ სისტემებს, საბრძოლო მასალას“, - განაცხადა შოლცმა.
კანცლერმა თქვა, რომ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების ოდენობით გერმანია აშშ-ის მერე მეორე ადგილზეა და ბერლინი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას აქტიურად ცდილობს.
მისი თქმით, გერმანია უკრაინის მხარდაჭერას მომავალ წელსაც გააგრძელებს - აღსანიშნავია, რომ მომავალი წლის გერმანიის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია 4 მილიარდი ევრო უკრაინის ორმხრივი დახმარებისთვის.
ასევე, გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები და ევროკავშირი წელს უკრაინას 50 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტს მიაწვდიან, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით დაიფარება.