მნიშვნელოვანია, როგორი იქნება მშვიდობა, ნებისმიერი არასამართლიანი მშვიდობა, გაყინული კონფლიქტი არის ბომბი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდეს | ერმაკი

გამოქვეყნდა:

ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება მშვიდობა. იმიტომ რომ ნებისმიერი არასამართლიანი მშვიდობა, ნებისმიერი გაყინული კონფლიქტი არის ბომბი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდეს. თქვენ ამას თქვენს ისტორიაში ხედავთ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში. 

მისი თქმით, არ იქნება არანაირი კომპრომისი უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.

"ჩვენ არ გვინდა არაფერი მეტი, ვიდრე იმის დაბრუნება, რაც ჩვენ გვეკუთვნის, რაც ისტორიულად გვეკუთვნის, რაც იურიდიულად გვეკუთვნის. ეს ჩვენი მიწაა, გვინდა ჩვენი ყველა ადამიანი დავაბრუნოთ, გვინდა გატაცებული უკრაინელი ბავშვები დავიბრუნოთ, გვინდა, რომ  საერთაშორისო სამართალი დამკვიდრდეს, იმიტომ რომ ჩვენ ვებრძვით რუსეთს, რუსეთს, რომელიც აგრესიით მოვიდა ჩვენს მიწაზე.  ისევე როგორც, ადრე აგრესიით მოვიდა ის ქართულ მიწაზე.  

ამ წლებმა გვაჩვენა როგორი ძლიერია უკრაინელი ერი, რადგან მხოლოდ დიდ ერს შეუძლია არამხოლოდ  ებრძოლოს მტერს, რომელიც უფრო დიდი და უფრო ძლიერია,  არამედ გაათავისუფლოს იმ ტერიტორიების თითქმის 50 %, რომელიც 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დაიპყრეს...  რუსეთი ომით მოვიდა უკრაინისა და უკრაინელების გასანადგურებლად, ამიტომ ეს არამხოლოდ ტერიტორიისთვის ომია, ეს არის ომი ჩვენი დამოუკიდებლობის,  თავისუფლებისთვისა და მშვიდობისთვის. ამიტომაც ვიბრძვით ასე და ეს ბრძოლა გაგრძელდება ჩვენს გამარჯვებამდე. 

არ იქნება კომპრომისი უკრაინის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე. ეს უმთავრესია." - ამბობს ერმაკი. 

ერმაკი ზელენსკის "მშვიდობის გეგმასა" და პოტენციურ მოლაპარაკებებზე საუბრობს:  

"ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება მშვიდობა. იმიტომ რომ ნებისმიერი არასამართლიანი მშვიდობა, ნებისმიერი გაყინული კონფლიქტი არის ბომბი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდეს. თქვენ ამას თქვენს ისტორიაში ხედავთ.

თუ არ ხდება ამ პრობლემების სამართლიანად, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გადაწყვეტა, კონფლიქტი არ მთავრდება, ის წლების განმავლობაში უფრო მეტად სარისკო, საშიში ხდება. 

ამიტომ ყველაფერი, რაზეც დღეს ვსაუბრობთ ეს არის პრეზიდენტ ზელენსკის „მშვიდობის გეგმა" -  ეს არის მშვიდობის დაბრუნება იმ პირობების მიხედვით, რომლებიც გაეროს წესდებაშია გაწერილი და რასაც საერთაშორისო სამართალი ითვალისწინებს. უკრაინა მეტს არაფერს არ ითხოვს. 

რაც შეეხება პოტენციურ მოლაპარაკებებს, ამისთვის უკრაინა ძალიან ძლიერი უნდა იყოს. საუბარი შანტაჟისა და ულტიმატუმების გარეშე უნდა მოხდეს და არა ისე როგორც რუსეთს წარმოუდგენია. ჩვენ ვერ მივიღებთ კრემლიდან წამოსულ გზავნილებს და თითქოს რაღაც შეთანხმებებს თურქეთში. ამ დრომდე რუსეთი სულ ულტიმატუმებს გვიყენებდა.  

უკრაინელები ამას არ დათანხმდებიან. ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ საერთაშორისო სამართლის ენაზე და არა ულტიმატუმებით.

როგორ უნდა გავხდეთ ძლიერები და როდის ვიქნებით მზად ამ მოლაპარაკებისთვის - ამაზეა საუბარი გამარჯვების გეგმაში, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ახლახანს წარადგინა ვაშინგტონში.

ამ კვირაში პრეზიდენტი  ამ თემაზე ისაუბრებს მოკავშირეებთან "რამშტაინში", ეს გეგმა წარედგინებათ უკრაინის მთავარ პარტნიორებს, მათ ვინც მთელი ეს თვეები, მძიმე თვეები, პირველივე დღიდან ჩვენთან არიან. იმიტომ რომ ესმით, რომ ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი თავისთვის ვიბრძვით, ჩვენ ვიბრძვით ევროპის, მთელი თავისუფალი სამყაროს დემოკრატიის დასაცავად. " ამბობს ერმაკი "მთავარ არხთან".

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი