ჩვენ არასდროს ჩაგვიკეტია საკომუნიკაციო არხები, ველით, რომ ოფიციალურმა თბილისმა დაგმოს რუსული აგრესია | ერმაკი

გამოქვეყნდა:

ჩვენ ველით, რომ  ოფიციალურმა თბილისმა უნდა დაგმოს რუსული აგრესია - ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი "მთავარ არხთან" ინტერვიუში ქართულ-უკრაინულ დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბრისას. ერმაკი ახსენებს სანქციებისგან თავის არიდებაში დახმარებასა და საქართველოში დიდი რაოდენობით რუსების შემოსვლას, რაც მისივე თქმით, საფრთხისშემცველია:  

"ჩვენ არასდროს არ ჩაგვიკეტია ეს არხები (კომუნიკაციის არხები) და არასდროს არ გვითქვამს, რომ ვსვამთ წერტილს.  ჩვენ გახსნილები ვართ, მაგრამ იმისთვის, რომ აღვადგინოთ ის ურთიერთობები, რომლებიც უნდა იყოს ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენ ველით, რომ უნდა მოხდეს აბსოლუტურად სამართლიანი შეფასება იმისა, რაც ხდება. ჩვენ ველით, რომ  ოფიციალურმა თბილისმა დაგმოს რუსული აგრესია. 

რუსეთი დღესაც კლავს უკრაინელებს. ამიტომ დღეს რუსეთის მხარეს გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ეხმარება მათ სანქციებისთვის თავის არიდებაში გაუგებარია, მაშინ როდესაც მთელს ევროპაში აუქმებენ რეისებს, რუსეთისთვის ხურავენ საჰაერო სივრცეს - რუსების დიდი ნაკადი ჩამოდის საქართველოში..." ამბობს ერმაკი. 

ერმაკის თქმით, ესაუბრებიან საქართველოს პრეზიდენტს, თუმცა სამთავრობო დონეზე ასეთი ურთიერთობები არ არის და საქართველოს ოფიციალური პირების გამოსვლებში არც რუსული აგრესიის დაგმობა ესმით: 

"ჩვენ ვესაუბრეთ საქართველოს პრეზიდენტს, ის შვეიცარიაში იყო მშვიდობის სამიტზე.     
მთავრობის დონეზე ასეთი საუბარი პრაქტიკულად არ არის, სამწუხაროდ. ჩვენ სადღაც ვხედავთ ქართულ დელეგაციებს, ბოლოს ვნახეთ გენერალურ ასამბლეაში, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი საუბარი, როგორიც უნდა იყოს, არ არის...

სამწუხაროდ, საქართველოს ოფიციალური პირების გამოსვლებში ჩვენ ვერ გავიგეთ რუსული აგრესიის დაგმობის სიტყვები, სიტყვები იმის შესახებ, რომ ის რაც  დღეს ხდება, ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება  საერთაშორისო სამართალს და ეს უნდა იქნას შეჩერებული. ასეთი დაგმობა არ მოგვისმენია ბავშვების კლინიკის დაბომბვის შემდეგ,  სადაც ონკოლოგიური პაციენტები იყვნენ, ამ და სხვა ბევრი შემზარავი ფაქტის შემდეგ დუმილი? .... დუმილი გაუგებარია, მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე სცდება ყველანაირ ფარგლებს. 

არადა  საქართველოსთვის აბსოლუტურად გასაგებია რაც ხდება ჩვენთან  ეს ხომ თქვენ ჩვენზე ადრე გამოიარეთ. თქვენც გაქვთ ოკუპირებული ტერიტორიები. ისინი თავისთავად არ გათავისუფლდება, ამაზე თქვენ უნდა იზრუნოთ. " ამბობს ერმაკი. 

ანდრეი ერმაკმა ისაუბრა საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებაც და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ისინი მუდმივად აყენებენ მისი პატიმრობის საკითხს პარტნიორებთან შეხვედრებზე:

"დამერწმუნეთ, უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის საკითხს ჩვენ მუდმივად ვაყენებთ ყველა შეხვედრაზე  ჩვენს პარტნიორებთან.  ჩვენი პოზიცია უცვლელია. ის უნდა გაათავისუფლონ, სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლეს. მისი საპყრობილეში ყოფნა სრულიად უსამართლო და  არასწორია, ეს კარგად არ „მუშაობს“ საქართველოს იმიჯზე მსოფლიოში. ჩვენ ყველა საშუალებას ვიყენებთ, რომ ეს პოზიცია ყველას მივაწვდინოთ და რა თქმა უნდა ჩვენ ვიქნებით ძალიან ბედნიერები, როცა ეს მოხდება. ჩემი აზრით, ეს იქნება ძალიან სწორი ქვეყნისთვის, რომელმაც აირჩია თავისი მომავალი ევროკავშირში, რომელიც დასავლური ღირებულებების  დეკლარირებას ახდენს და ადამიანის უფლებებს იცავს." ამბობს უკრაინელი მაღალჩინოსანი.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი