"ჩრდილოეთ კორეა რუსეთს არა მხოლოდ იარაღს აწვდის, არამედ სამხედროებსაც აგზავნის", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და პარტნიორებს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ იზრდება კავშირი რუსეთსა და ისეთ რეჟიმებს შორის, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ იარაღის მიწოდება. ეს ფაქტობრივად არის ადამიანების გადაცემა ჩრდილოეთ კორეიდან ოკუპანტის სამხედრო ძალებში საბრძოლველად. ცხადია, რომ ასეთ პირობებში ჩვენი ურთიერთობები პარტნიორებთან განვითარებას საჭიროებს. ფრონტს მეტი მხარდაჭერა სჭირდება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინისთვის უფრო შორს მანძილზე მოქმედ იარაღის გამოყენების ნებართვის გაცემაზე და ჩვენი ძალებისთვის უფრო გადამწყვეტ მომარაგებაზე, ეს არ არის უბრალოდ სამხედრო საშუალებების ჩამონათვალი. ეს უკავშირდება აგრესორზე ზეწოლის გაძლიერებას, რომელიც რუსეთისთვის უფრო მძიმე იქნება, ვიდრე მათ გაძლება შეუძლიათ და ეს ეხება უფრო დიდი ომის თავიდან აცილებას“, - თქვა ზელენსკიმ.
მანამდე „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსებმა, „ვაშინგტონ პოსტზე“ დაყრდნობით განაცხადეს, რომ უკრაინაში უკვე იბრძვიან ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცები. ამასთან, რამდენიმე ათასი ჩრდილოკორეელი სამხედრო რუსეთში გადის მომზადებას და, სავარაუდოდ, მომავალში მათ ფრონტის ხაზზე გააგზავნიან.