"კორონავირუსიდან დემოკრატიის გადამწყვეტ გამოცდამდე" - ამ სათაურით ამერიკულ ჟურნალში "ნეიშენალ ინტერესტ" სტატიას აქვეყნებენ სხვადასხვა დროს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩები - კენეტ იალოვიცი, ჯონ ტეფტი და უილიამ კორტნი.
ყოფილი დიპლომატები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობამ არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებით მთავარი გამოცდა უნდა ჩააბაროს დემოკრატიაზე, რაც გადამწყვეტი იქნება ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.
გასული სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ბევრი გამოწვევა ჰქონდა სუვერენიტეტის, დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. გვჯერა, რომ ის ამ უახლოეს გამოცდასაც წარმატებით ჩააბარებს, - ნათქვამია სტატიაში.
ელჩების აზრით, რუსეთი საქართველოში დაგეგმილ არჩევნებში ჩარევასა და ამ გზით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოხდენას შეეცდება.